ეს ქვეყნები ნატოს წევრები რომ გახდნენ, ალიანსის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპის კოლეჯში, ბრიუგეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სტოლტენბერგის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნები ორიენტირებული იყვნენ რეფორმების გატარებასა და ინსტიტუტების გაძლიერებაზე. მისი თქმით, სწორედ ეს რეფორმები ეხმარება საქართველოს და უკრაინას ნატოსკენ მიმავალ გზაზე.
„საქართველოსა და უკრაინისთვის, ორი განსხვავებული ქვეყნისთვის, განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობით და ისტორიით, მაგრამ ორივენი ნატოს წევრობისკენ ისწრაფვიან, მათთვის ჩემი გზავნილი არის ის, რომ ორიენტირებული უნდა იყვნენ რეფორმებზე, ინსტიტუტების მოდერნიზებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რეფორმების შესრულებაზე. ჩვენ ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ ამ რეფორმების გატარების მცდელობებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, გახდება თუ არა რომელიმე ქვეყანა ნატოს წევრი, ეს თავად სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტია. ამ პროცესის უარყოფა კი რუსეთს არ შეუძლია.
„გახდება თუ არა ქვეყანა ნატოს წევრი, ეს თავად ამ ქვეყნის და ნატოს წევრების გადასაწყვეტია, სხვა არავისი. ზოგჯერ იქმნება წარმოდგენა, რომ რუსეთს აქვს ვეტო, რომლითაც ქვეყნის ნატოში გაწევრიანება შეუძლია უარყოს. საქართველოსა და უკრაინის მსგავსად, ქვეყნებს ნატოში გაწევრიანება თუ სურთ, რუსეთი ვერ უარყოფს სუვერენულ სახელმწიფოს უფლებას, შემოგვიერთდეს“, -აღნიშნა სტოლტენბერგმა.