პრეზიდენტი: მტკიცებულება არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% მხარს უჭერს ევროპულ გზას და ევროინტეგრაციას, მოულოდნელად კი აღმოჩნდა, რომ ერთ არჩევნებში ყველაფერი შეიცვალა. საქმე ისაა, რომ ამ არჩევნებში ყველა სახის გაყალბების მეთოდი იქნა გამოყენებული, განსაკუთრებით ახალი, ელექტრონული ხმის მიცემის პირობებში, სადაც დამტკიცდა, რომ გამოყენებულ იქნა ერთი და იმავე ადამიანების პირადობის მოწმობები შვიდჯერ, ათჯერ, ჩვიდმეტჯერ. ახლა მიმდინარეობს იმის დამტკიცების პროცესი, რომ ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი. ჩვენ ადრეც გვინახავს საქართველოში დარღვევები, მაგრამ ასეთი მასშტაბების დარღვევები უპრეცედენტოა.
როგორც ვიცი, ქართულ ოცნებას პრორუსულ, პროკრემლისტურ ძალად მიიჩნევენ და ამ პარტიის ლიდერი არის ბატონი ივანიშვილი, რომელიც საქართველოს უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება ქვეყნის მშპ-ს 25%-ს შეადგენს. რატომ ფიქრობთ, რომ ის პრორუსია. ხალხი, ვინც მას იცნობს, ამბობს, რომ ის არ არის არც პრორუსი და არც პროუკრაინელი და არც პრო-ამერიკელი, ის უბრალოდ საკუთარ პირად ინტერესებს იცავს.
პრეზიდენტი: ის ნამდვილად საკუთარ ინტერესებს იცავს, საკუთარი ფულის ინტერესებს, რაც აღიარა კიდეც თავის ინტერვიუში. თუმცა, ასევე ფაქტია, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა ბოლო წლებში მეთოდურად მიიწევს მოსკოვისკენ და კრემლიდანაც მუდმივად აქებენ ქართულ ოცნებას. ახლაც, ამ არჩევნების შემდეგ, კომპლიმენტები არ დაიშურეს ივანიშვილის პარტიის მიმართ. ქართული ოცნება მუდმივად ცდილობს, რომ შესაბამისობაში იყოს რუსულ პროპაგანდასთან ბევრ საკითხში, მოსკოვში კი სურთ, რომ საქართველო არ წავიდეს ევროპული გზით. ჩვენ გასულ დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ახლოს ვიყავით მოლაპარაკებების დაწყებასთან და სწორედ ეს აშფოთებს მოსკოვს. ამიტომ, ყველა ნაბიჯი, რომელიც ბოლო თვეებში ქართულმა ოცნებამ გადადგა, მიმართულია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების წინააღმდეგ.
წყარო