- ერთ-ერთ გადაცემაში "ნაციონალებს" ნეობოლშევიკები უწოდეთ და თქვით, რომ მათი მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილი კი არა, ქართველი ხალხია.
- გავიხსენოთ, როგორ დაიწყეს კერძო ქონების ჩამორთმევა, ადამიანების ქუჩაში დაჭერა და გასამართლება, ახალგაზრდების განადგურება; გავიხსენოთ, რა ხდებოდა ციხეებში, როგორ ჩარეცხეს ქართული კულტურა და ხელოვანები... ეს ბოლშევიკური მართვის სტილია, ამიტომაც ვუწოდე მათ ნეობოლშევიკები. დიახ, სწორედ ქართველი ხალხია მათი პრობლემა, რადგან ჩვენში სხვა გენია, სხვა კულტურაა, რითიც ვცხოვრობთ და დღემდე ვარსებობთ, მათ კი ამ ფასეულობების განადგურება სურთ.
- ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ ბევრჯერ სცადა, მაგრამ ვერ მოიპოვა საზოგადოების დიდი მხარდაჭერა, თქვენი აზრით, რატომ ვერ შეძლეს მათ ხალხის ქუჩაში გამოყვანა?
- ესენი კვლავაც მოდელირებულ სამყაროში ცხოვრობენ. თვითონ რომ დადგეს მოდელირებული "ქრონიკა", ხომ გახსოვთ? აი, იმ მოდელირებულ სამყაროში დარჩნენ თავიანთი ლიდერებიანად, არადა, ჩვენს ქვეყანას უამრავი პრობლემა აქვს იმის გარდა, რაც ორ კონკრეტულ არხზე შუქდება - დასაქმება, სიღარიბე, ტერიტორიულ-გეოპოლიტიკური პრობლემები, პანდემია და იქნებ იმაზე ვიფიქროთ, როგორ დავძლიოთ ეს პრობლემები, როგორ გადავრჩეთ და განვვითარდეთ?! ხალხს ეს საკითხები უფრო აწუხებს, ვიდრე ტელევიზიით გავრცელებული ყალბი ამბები. რაც უნდათ, ის უკეთებიათ, მაგრამ ადამიანები დაცული უნდა იყვნენ ამგვარი ცილისწამებისგან, ბულინგისგან, ფსიქოლოგიური ტერორისგან.
რევოლუციების დრო დამთავრდა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ევროპულ ოჯახში შესვლა; უნდა მიხედონ უმუშევრობას, განათლებას, კულტურას, ხელოვნებას და ა. შ.
- ამ ბოლო დროს საზოგადოების ნაწილი ხშირად უწოდებს გმირს, მაგალითად, ნიკანორ მელიას, რომელმაც სამაჯური მოიხსნა და კანონს არ დაემორჩილა, გიგი უგულავას, რომელსაც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის მითვისებას ედავებოდნენ, დღეს გმირი მეტი გვყავს თუ ანტიგმირი?
- გმირებს ხელოვნურად ვერ შექმნი, ვერც ანტიგმირებისგან შექმნი გმირებს. გმირობა არის სამშობლოსთვის, შენი ხალხისთვის თავგანწირვა. ადრე ვინმესთვის გმირი რომ გეწოდებინა, მას ეს ზნეობით და საქმიანობით უნდა დაემსახურებინა.
- როდესაც ივანიშვილი პირველად წავიდა პოლიტიკიდან, თქვენ თქვით, წავიდა, რადგან საქმე ახალგაზრდებს ანდოო. ამის შემდეგ ის დაბრუნდა, წელს კი უკვე მეორედ თქვა უარი აქტიურ პოლიტიკაზე. თქვენი აზრით, ამ გადაწყვეტილებით რა დაანახა ხალხს?
- ბიძინა ივანიშვილის მიზანი პოლიტიკოსობა არც ყოფილა, გარკვეულმა გარემოებებმა აიძულა პოლიტიკაში ჩარევა. მოვიდა მაშინ, როცა გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა და ხალხშიც გაჩნდა განწყობა, წასულიყო სააკაშვილი და მისი პარტია. მერე კი პოლიტიკიდან წავიდა, რადგან ჩათვალა, რომ ეს გუნდი მის გარეშეც გაართმევდა თავს პრობლემებს. პოლიტიკიდან კი წავიდა, მაგრამ რასაც ის და მისი ოჯახი ქველმოქმედებით უკეთებენ ქვეყანას, ძალიან მნიშვნელოვანია. არ დარჩა სფერო, რომელსაც სასიკეთოდ არ დაატყო ხელი - სპორტი, ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობა, ეკოლოგია,… კიდევ არაერთი პროექტი აქვს დასასრულებელი - თუნდაც იპოდრომზე პარკის მოწყობა და ხალხისთვის გადაცემა, საერთაშორისო უნივერსიტეტის დამთავრება. ამ ყველაფერს ხომ ხალხისთვის აკეთებს? აი, ამ საქმეში უნდათ ხელის შეშლა, რადგან არ ფიქრობენ ქვეყანაზე, არ აწუხებთ თავიანთი შვილების მომავალი.
- მმართველ გუნდს ხშირად საყვედურობენ უნიათობას. თქვენ რას უთვლით ყველაზე დიდ შეცდომად?
- მეტი ეფექტურობა და კომპეტენციაა საჭირო, ასევე - გადაწყვეტილებების სისწრაფე, განსაკუთრებით ეკონომიკაში. ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ამაზე არ ლაპარაკობენ, თავს არ იწონებენ. ორჯერ მეტი გზა დაიგო, ვიდრე წინა წლებში იგებოდა, წყალგაყვანილობის სისტემები მოწესრიგდა, სასტუმროები აშენდა, ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდა, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არაერთი პროგრამა ამოქმედდა.
განაგრძეთ კითხვა წყარო კვირის პალიტრა