ოპოზიციამ მოლაპარაკების დროს დანიელსონს უთხრეს, თუ შეთანხმება ვერ შედგება, ქუჩაში ასი ათასობით ადამიანი გამოვა და უმართავი პროცესები დაიწყებაო, რასაც „ოცნების“ მხრიდან ძალიან ცუდი პასუხი მოჰყვა – გვანახეთ თუნდაც 50 ათასი კაცი. ამიტომაც არის, ოპოზიციამ აქცია 15 მაისისთვის რომ დაანონსა, ანუ სერიოზულად ემზადება და ამ დროის განმავლობაში, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსის მაქსიმალურ მობილიზებას ცდილობს. თუმცა, 15 მაისი მხოლოდ ამიტომ არ არის არჩეული.„ოპოზიციას იმედი აქვს, რომ 15 მაისს დაწყებულ აქციას 11 დღე გააგრძელებს და 15 მაისსავე დააანონსებს, რომ 26 მაისს ხელისუფლებას აღლუმის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემს და აღლუმს თავად ოპოზიცია ჩაიბარებს. რა თქმა უნდა, ოპოზიციას არ სჯერა იმის, რომ ხელისუფლება ისე მოიქცევა, როგორც მიხეილ სააკაშვილი მოექცა ბურჯანაძის მხარდამჭერებს აღლუმის წინა დღეს და ჯარისკაცები სისხლით მორწყულ რუსთაველზე გაატარა, მაგრამ ამ ნაბიჯით ისინი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ. როგორც ითქვა, შეეცდებიან 26 მაისს, რომელიმე სამხედრო შენაერთის რამდენიმე ჯარისკაცმა მაინც, ხელისუფლებას პროტესტი გამოუცხადოს და როგორც ექიმებმა დასცეს კარავი პარლამენტის წინ, ისე გაკეთდეს სამხედრო კარავი. თან, 26 მაისს ეს ნაბიჯი სიმბოლური იქნება და თუ სამხედროებს რამდენიმე პოლიციელიც აჰყვება, დაუმორჩილებლობა ბევრად მასშტაბურ და სერიოზულ სახეს მიიღებს“, – გვეუბნება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.
სამხედროებთან და პოლიციასთან მოლაპარაკებებს კი უდიდესი ალბათობით, დევი ჭანკოტაძე და ვანო მერაბიშვილი გამართავენ. ყველამ იცის, რომ ორივეს მრავლად ჰყავს მხარდამჭერი და მომხრე როგორც თავდაცვის, ისე შს სამინისტროს უწყებაში და ახლა საინტერესო ის არის, რამდენს დაარწმუნებენ და რამდენს გადააკვეთინებენ წითელ ხაზს.ხელისუფლებაში კი ზუსტად იციან, რომ 15 მაისამდე ოპოზიცია რეალურად ვერაფრის შეცვლას ვერ შეძლებს და ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, სწორედ ამ რიცხვამდე, პარლამენტი კიდევ ერთი ოპოზიციური ძალა, „გირჩი“ შეიყვანონ. მათთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და შესაძლოა ისე გამოვიდეს, რომ რაც დანიელსონთან განიხილეს და რასაც ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არ დათანხმდა, დათანხმდეს „გირჩი“ და საპარლამენტო ოპოზიცია. ასეთ შემთხვევაში, მოსალაპარაკებელიც აღარაფერი იქნება და ხელისუფლება დასავლეთს ეტყვის, ვინც დამელაპარაკა და პარლამენტში შემოვიდა, იმასთან შეთანხმება მიღწეულიაო.
წყარო