"თავს შევიკავებ რჩევების მიცემისგან. თუ ევროპელებს არ უსმენენ, არც ჩემს რჩევას მიიღებენ. ძალიან ვწუხვარ ჩემი შვილების, შვილთაშვილების მომავალზე, ევროპა და ამერიკა სულ საქართველოს გვერდით იყვნენ და ახლა მეშინია ჩვენი უგუნური პოლიტიკოსების გამო არ შეიცვალოს მათი დამოკიდებულება. შეთავაზება, რომ 20 ივნისის საქმეზე გამოცხადებულიყო ამნისტია, ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, ამით უნდა ისარგებლოს მეორე მხარემ. მე რომ ახლა აქტიურ პოლიტიკაში ვიყო და ძველებურად მქონდეს ციხეში შესვლის საშუალება, აუცილებლად გავესაბრებოდი ნიკა მელიას მისი აზრის გასაგებად.
შეიძლება რჩევებიც მიმეცა. ერთია, როცა ადამიანი რაღაცას ტელევიზიით აცხადებს, და მეორე, როცა პირისპირ ესაუბრები. ხშირად ყოფილა, პროკურატურას თავისი აზრი ჰქონდა, პატიმარს კი სულ სხვა. ამიტომაც სანამ არ შევხვდებოდი, დასკვნას არ გავაკეთებდი. პატიმარს შეხვედრის შემდეგ ვეუბნებოდი, რაში იყო მართალი და რაში ტყუოდა. თუ მართალი იყო, პროკურატურას ვუპირისპირდებოდი."
"როგორც დეპუტატი ჩემს უფლება-მოვალეობას ვეღარ ვასრულებდი და ჩავთვალე, რომ ჩემი ადგილი პოლიტიკაში აღარ იყო. ვეღარ ვხედავდი ჩემი შრომის შედეგს, ბევრი უსამართლობა ხდებოდა და პარლამენტში უშედეგოდ ყოფნა მიუღებელი იყო. ეს ვთქვი კიდეც საჯაროდ, ტელევიზიით.
ჩემი განცხადების შემდეგ პარლამენტის არჩევნები მოდიოდა და სიაში აღარ შემიყვანეს. ეს სიურპრიზი იყო ჩემთვის. დამიძახა მიშამ და მითხრა, ყველა დიდ ქალაქში წავაგეთ არჩევნები, ძალიან გთხოვთ, იქნებ ყველა ქალაქში ჩახვიდეთო. მართლაც წავედი და მიშამ ყველა ქალაქში მოიგო. კიდევ ორ ქალაქს ასახელებდნენ, კი ჩახვალთ, მაგრამ არჩევნებს მაინც წავაგებთო, მაგრამ ის ორი ქალაქიც მოიგეს. ეს ხდებოდა მას მერე, რაც სიაში არ ჩამსვეს.
მიშამ მითხრა, თუ გინდათ ელჩად გაგიშვებთო და გამეცინა, უარი ვუთხარი. მაშინ რომელ სამინისტროში გსურთ მუშაობაო, დავასახელე რეინტეგრაციის სამინისტრო, იქ უმცირესობების უფლებებზე ვიზრუნებ-მეთქი. წამოხტა, იქ მინისტრი უკვე მყავსო, მინისტრის პოსტი სულ არ მინდა-მეთქი და მოადგილედ იმ დღესვე დამნიშნა. წელიწად-ნახევარი ვიმუშავე, სანამ მინისტრად ეკა ტყეშელაშვილს დანიშნავდნენ, მან კი გამათავისუფლა, ჩემი კადრი მომყავსო. იმ საღამოსვე დამირეკა მიშამ და მითხრა, გტოვებთ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ და ხელფასსაც გინიშნავთო. მანამდე ისე ვიმუშავე შეწყალების კომისიაში, ხელფასი არ მქონია, უხელფასო შტატი იყო. ეს თანამდებობა ფასიანი იყო მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროსაც. მან მოულოდნელად გამათავისუფლა, ეს ტელევიზიით შევიტყვე."