CNews-ის ინფორმაციით, ბლინკენი შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში უკრაინის საკითხის განხილვისას, საქართველოს თემასაც შეეხება და კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოლიტიკურ ხელმძღავანელობასთან პოზიციებს შეაჯერებს.
ნიშანდობლივია, რომ ბრიუსელში ბლინკენისა და ოსტინის ვიზიტის პარალელურად შავ ზღვაში აშშ-ის ორი სამხედრო ხომალდი Roosevelt-ი და Donald Cook-ი შევა.
„ჩანს, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიციები მწვავე და უკომპრომისოა. ევროკავშირი კი ჩვეულებისამებრ ინსტიტუციების დონეზე ჯერჯერობით ნელ-თბილია, რაც სამწუხაროდ, რუსეთს ხშირად უტოვებს ხოლმე მანევრირების შესაძლებლობას“, - აცხადებს ლელა ჯეჯელავა.
როგორც ინფორმირებული წყარო ვაშინგტონიდან CNews-თან საუბრისას განმარტავს, მთლიანი ვითარების ანალიზისა და შეჯერების შემდეგ, თუ საქართველოში არსებული ვითარება გააზრებულ იქნა, როგორც ხელისშემშლელი ფაქტორი ერთიანი უსაფრთხოების კონტექსტში, არ არის გამორიცხული, მიღებულ იქნას მყისიერი გადაწყვეტილება და ბლინკენი რამდენიმესაათიანი ვიზიტით საქართველოს ეწვიოს, მით უფრო, რომ ამ საკითხზე სახელმწიფო დეპარტამენტში მსჯელობა უკვე გამართულია და CNews-ი ამის შესახებ 5 აპრილს წერდა.
„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იქნება შეფასებული საქართველოში არსებული კრიზისი ხელისშემშლელ ფაქტორად ერთიანი უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც ბრიუსელში ბლინკენი-ოსტინის ვიზიტის დროს შემუშავდება“, - განუცხადეს CNews-ს.
ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში, კარგად ესმით, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ქვეყანას მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს, რაც რეგიონში არსებული ვითარების კონტექსტში საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს - აშშ-ს, NATO-ს და ევროკავშირს დამატებით საზრუნავს უჩენს.
„საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, რასაკვირველია, არის პრობლემა შავი ზღვის უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისათვის. უკრაინასთან დაკავშირებით მოსალოდნელი პროცესები აუცილებლად მოითხოვს გადაწყვეტილებებს, რომლის მიღების შესაძლებლობაც ერთპარტიულ პარლამენტს ვერ ექნება. სწორედ ამიტომ, მოსალოდნელია, რომ დასვლეთისაგან პრესინგი ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე კიდევ უფრო დიდი და შესამჩნევი იქნება. მიმაჩნია, რომ ჩვენს გარშემო ისეთი მასშტაბის გეოპოლიტიკური მოვლენები ვითარდება, რომ შიდა პოლიტიკური კონიუქტურა სრულიად არ არის მზად მასზე სწორი რეფლექსიისათვის. დიალოგის რესურსი ქვეყანაში მინიმალურ ზღვარზეა, ამიტომ ჩვენთან არსებული ვითარება მთლიანად დამოკიდებული იქნება დასავლეთის ძალიან მკაფიო პოზიციასა, და თუ გნებავთ, ზემოქმედების მექნიზმებზე“, - მიიჩნევს ლელა ჯეჯელავა.
წყარო