კონდლიქტის ფესვები დიდი და ძლიერი სახელმწიფოების დაპირისპირებაში უნდა ვეძებოთ, რომლის ფონზე ნაკლებად ძლიერი ქვეყნები გარკვეული სარგებლის მიღებას ცდილობენ. ასეთ დროს გაჩენილი კონფლიქტის პირველი წესი იმაში გამოიხატება, რომ არსებობს გავლენის სფეროები, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ზონები, რომლებსაც კრემლი, თავის მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხად მიიჩნევს. ასეთ ზონებში დასავლეთის სახელმწიფოები შემოიფარგლებიან მხოლოდ დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერით და არასოდეს არ ეხმარებიან თავიანთ მოკავშირეებს, რუსეთის უშუალო მოსაზღვრე ქვეყნებს სამხედრო სახით, თუნდაც რუსეთის ტანკები 2008 წელს თბილისში შესულიყვნენ, ან ახლა კიევში შევიდნენ. ეს ძველი წესია ჯერ კიდევ კარიბის კრიზისიდან მოყოლებული, როცა 1962 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ კენედი მზად იყო ბირთვული ომი დაეწყო, მაგრამ საბჭოთა კავშირმა დროულად გაიტანა თავისი რაკეტები კუნძულ კუბადან, რომელიც ამერიკასთან ახლოს მდებარეობს. [მას შემდეგ გავლენის ზონების პრინციპი მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია].
კრემლმა დონბასელ სეპარატისტებს რუსული პასპორტების დაურიგა და აქედან გამომდინარე, იქაურ მოსახლეობას თავის მოქალაქეებად თვლის. მოსკოვმა ამ ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება უკრაინის ტერიტორიაზე თავისი ჯარის შეჭრა გაამართლოს – მოქალაქეების დაცვის მიზნით.
თავის მხრივ, დასავლეთს რუსეთთან მიმართებით თავისი ანგარიშები აქვს და კრემლთან დაპირისპირებაში კარგად იყენებს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დონბასისა და ყირიმის საკითხებს, რათა მოსკოვთან დაკავშირებული სხვა სერიოზული პრობლემები გადაჭრას საერთაშორისო არენაზე.
თავისი სისულელისა და დაუფიქრებლობის გამო მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთი დაკარგა, უფრო მეტიც – მათ კინაღამ დედაქალაქიც მიაყოლა. მას სჯეროდა, რომ დასავლეთი რუსეთისაგან დაიცავდა. რაც შეეხება ვლადიმერ ზელენსკის, როგორც ჩანს, მის მოქმედებაში ყოფილი მსახიობის პროფესიული გამოცდილება მჟღავნდება: მან კარგად შეითვისა როლი, რომ თითქოსდა სიტუაციას თავისი სურვილისამებრ დაალაგებს და დასავლეთისაგან მხარდაჭერას მიიღებს დონბასის პრობლემის მოსაგვარებლად.
ვლადიმერ ზელენსკისათვის სასარგებლო იქნება არამარტო მიხეილ სააკაშვილის, არამედ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გამოცდილების შესწავლაც, რომელიც თავისი მეზობელივით დასავლეთთან ფლირტაობდა, 2018 წლიდან, როცა იგი ხელისუფლებაში მოვიდა. ამიტომაც კრემლმა სომხეთი თურქეთს და აზერბაიჯანს „მიჰყიდა“, ბოლო კი თვითონაცცაება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, მაგრამ უფრო აზერბაიჯანის, ვიდრე სომხეთის სასარგებლოდ: მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, სომხეთმა მთიანი ყარაბაღი დატოვა, ნიკოლ ფაშინიანი კი ხალხმა ამისთვის კინაღამ დაამხო. მისი მდგომარეობა ამჟამადაც საკმაოდ მყიფეა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლეთი მდუმარედ შეჰყურებდა პროდასავლური სომხეთის ლიდერის მავედრებელ მზერას, რომელსაც იმედი ჰქონდა მხარდაჭერას მიიღებდა მოსკოვთან და ბაქოსთან დაპირისპირების დროს“.