"დაახლოებით 1 წელია, რაც ციხიდან დამიკავშირდა პირი. მას თავიდან ყურადღება არ მივაქციე. ვიფიქრე, ხდება ხოლმე, როცა რაღაც ინტერესების გამო ამბობენ მსგავს რამეს. ჩემთან, მითუმეტეს ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს ათას რაღაცას მთხოვს, მაგრამ ეს ბიჭი შემდეგშიც ინტენსიურად მირეკავდა და ისეთ დეტალებს მიყვებოდა, დავრწმუნდი, ნამდვილად არ ტყუოდა. მით უმეტეს, სანაცვლოდ არაფერს მთხოვდა.ის რამდენიმე პირმა ქუჩაში აიყვანა, რის შემდეგაც ქალაქის სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც უთხრეს, რა უნდა გაეკეთებინა და როგორ უნდა მოეხდინა ჩემი მკვლელობა.მაღაზიაში შეყვები ვითომ ყაჩაღობის მიზნით, იქ იარაღს მიადებ შუბლზე და მოკლავო. თქვენი ფოტო კომპიუტერში მანახეს, ეს ის არის, ვისზეც გეუბნებითო და ისიც მითხრეს, წითელი თმები აქვსო. ამითაც დაამახსოვრეს.
ამ ბიჭმა თქვა, ნარკოტიკის მომხმარებელი ვიყავი და მე ამიტომ ამომარჩიესო.
ამის პარალელურად მას ბატონ იურის (ვაზაგაშვილი) საწინააღმდეგოდ მუშაობაც დაავალეს. ამიტომ, მე მთხოვდა, თუ შეიძლება ეს ინფორმაცია ბატონ იურის გადაეცით, მისთვის ბევრი რამ მაქვს სათქმელიო.
როგორც იმ ახალგაზრდამ მითხრა, ამ დავალების შემდეგ ქვეყანა დატოვა და იმალებოდა. მერე, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო, ისევ შეხვედრიან და უთქვამთ, ახლა ამისთვის არ გვცალია, მაგრამ ჩვენი შეთანხმება ძალაში რჩება და დაგიკავშირდებითო"-განაცხადა ია მეტრეველმა გაზეთ "ახალ თაობასთან" ინტერვიუში.