ვლადიმერ ვორსობინი: ვლადიმერ ვოლფოვიჩ, რას იტყოდით თურქეთის სტამბოლის უნივერსიტეტის პოლიტოლოგის ჰასან უნალის თვალსაზრისთან მიმართებით - რუსეთმა აღიაროს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა დამოუკიდებლად, თურქეთმა კი - ყირიმი რუსეთის ნაწილად?როგორ უყურებთ შეთავაზებას?
ვლადიმერ ჟირინოვსკი: ეს იდეა მე ძალიან მომწონს, მაგრამ სანამ კონკრეტულად გიპასუხებდეთ, ცოტა შორიდან დავიწყებ. როცა სტუდენტობის დროს მოსკოვის მ.ლომონოსვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების ფაკუტეტზე თურქული ენის შესწავლა დავიწყე, ზოგჯერ ეჭვი მღრღნიდა - ვფიქრობდი, რაში დამჭირდება თურქეთის ისტორიისა და თურქული ენის, თურქული
ლიტერატურის ცოდნა-მეთქი. მე რომ 1970-იან წლებში მცოდნოდა ის, რაც დღეს ხდება, ახლა, ალბათ, მინიმუმ, რუსეთის ელჩი ვიქნებოდი ანკარაში.
ახლა რაც შეეხება შეთავაზებას. თავის დროზე, უინსტონ ჩერჩილმა იოსებ სტალინს შესთავაზა, რომ პოლონეთი დასავლური გავლენის ქვეშ იყოს, თქვენ კი ნორვეგია წაიღეთო. არ ვიცი, მაშინ რატომ ვთქვით უარი ამ გაცვლაზე. დღეს ხომ ნათელია, რომ პოლონეთი მაინც წავიდა ჩვენგან და ყველაფერში სარმას გვიდებს... გვექნებოდა ნორვეგია - ლამაზი, მდიდარი ქვეყანა... მეორე მომენტი: ლეონიდ ბრეჟნევის დროს ამერიკა გვთავაზობდა - კუბა მოგვეცით, ფინეთი კი თქვენი იყოსო. არ დავთანხმდით. დღეს კუბის ხელისუფლება, ალბათ, დიდხანს ვერ გაძლებს, მას საბოლოოდ მაინც დავკარგავთ, ფინეთი კი მოკავშირე რესპუბლიკა იქნებოდა, ჩვენს შემადგენლობაში. მოკლედ, მე მინდა შევაქო თურქი პროფესორი, რომელმაც ასეთი გარიგება შემოგვთავაზა..
ვლადიმერ ვორსობინი: თქვენ ხომ თურქების ხასიათი კარგად იცით. მოგვატყუებენ...
ვლადიმერ ჟირინოვსკი: აღიარებას ერთდროულად განვახორციელებთ, პირდაპირ ეთერში. ერთდროულად მოეწერება ხელი ორ ბრძანებულებას... თუ რაღაც ყოყმანს და ტყუილს შევამჩნევთ, იმავ წუთს გავაუქმებთ... თუმცა ბერძენები რომ უკმაყოფილონი დარჩებიან, ეს აშკარაა.
ვლადიმერ ვორსობინი: პრეზიდენტის პრესდმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არავითარ გარიგებაზე არ წავა და ტერიტორიებით ვაჭრობას არ დაიწყებსო.
ვლადიმერ ჟირინოვსკი: თქვენ ხომ მე მეკითხებით? ჰოდა, ჩემს აზრს გეუბნებით: მე მხარს ვუჭერ. აი, ახლა ერთ ამბავს მოგიყვებით: ათზე მეტი წლის წინათ, ჯერ კიდევ [2008 წლის] ომამდე ჩემთან კაბინეტში, ქართველები იყვნენ. მე მათ ვეუბნები - გინდათ, რომ აფხაზეთი თქვენს შემადგენლობაში დარჩეს? მოგვეცით თანხმობა, რომ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზა გვქონდეს. ადრეც ხომ იყო ბაზა, საბჭოთა კავშირის დროს? არ დაგვთანხმდნენ. რა მიიღეს ქართველებმა საბოლოოდ? აფხაზეთი საერთოდ დაკარგეს. ანუ წინასწარ უნდა გათვალო რაღაცეები და ზომებიც ისეთი უნდა მიიღო, რომლებიც ურთიერთსასარგებლო იქნება.
ვიმეორებ: მომხრე ვარ ჩრდ.კვიპროსის თურქული რესპუბლიკა (ჩკთრ) დამოუკიდებლად ვაღიაროთ. თავის მხრივ, თურქები ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებენ და პროცესი დაიძვრება, თურქების გავლენით სხვა ქვეყნებიც აღიარებენ, მაგალითად, ცენტრალური აზიის თურქულენოვანი სახელმწიფოები, ირანი, ლიბია
ვლადიმერ ვორსობინი: მაგრამ საინტერესოა, რატომ არ აღიარებენ ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში ჩვენი ახლო მეგობრები, როგორებიც არიან, ვთქვათ, ბელარუსი, სომხეთი...
ვლადიმერ ჟირინოვსკი: იმიტომ, რომ არ სურთ დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება. მათ ფული ჩვენგანაც უნდათ და დასავლეთისაგანაც... ყველას - ბელარუსებსაც და სომხებსაც...
(...)
ვლადიმერ ვორსობინი: რას იტყოდით სიტუაციის გამწვავებაზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით? ბოლო დღეებში იქ ცხარე სროლა ატყდა, რუსეთის დამატებითი ქვედანაყოფები საზღვარზე განლაგებისთვის ემზადებიან... ანუ ჩვენ ბიჭებს ისევ სხვის კონფლიქტში ვგზავნით, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა?
ვლადიმერ ჟირინოვსკი: ჩვენ რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროინდელ ყველა ტერიტორიაზე უნდა დავბრუნდეთ. სამხრეთ კავკასია რუსეთის გავლენის ზონაა. 200 წლის განმავლობაში იქ ჩვენი, რუსეთის დროშა ფრიალებდა, ამიტომ ჩვენთვის სასარგებლოა, თუ დახმარების მიზნით დაგვიძახებენ. იქ დასახმარებლად მივდივართ, საომრად ხომ არა? სომხებიც გვეძახიან, მაგრამ მთავარია იქ რუსი ჯარისკაცები არ დაიღუპონ. ჩვენ აზერბაიჯანის ძვირფას ხელმძღვანელს ასე უნდა ვუთხრათ: "ილჰამ, მამაშენი ჰეიდარ ალიევი დიდი და ბრძენი ადამიანი იყო (სხვათა შორის, მე მას პირადად ვიცნობდი). ამიტომაც, ილჰამ, შენ ყველა ის ტერიტორია გექნება, რაც გსურს, მაგრამ რუს ჯარისკაცებს თავიდან ერთი ბეწვიც კი არ უნდა ჩამოუვარდეთ, ცერადაც კი არ უნდა შეხედოთ! გაიგე, ილჰამ?". ილჰამ ალიევს ეს ძალიან კარგად ესმის. იგი ხვდება, რომ [რუსეთის მხარდაჭერის გარეშე] თავის პოსტს დაკარგავს - მას აზერბაიჯანში დიქტატორული რეჟიმი აქვს, ოპოზიციას დევნის... თუ ჯო ბაიდენი მოისურვებს, ილჰამ ალიევს ორ კვირაში დაამხობენ... და მისი გადარჩენა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ისე, როგორც ნიკოლ ფაშინიანი გადავარჩინეთ...
გამაგრძეთ კითხვა