მაგალითად, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, რომელმაც სააკაშვილის ადვოკატის ფუნქციაც შეითავსა, ამტკიცებს, რომ სააკაშვილი ამ დღეებში შედგა და მაქსიმალური პარალელი შეუძლია გაავლოს ზვიად გამსახურდიასთან. ნიკა გვარამიას აზრით,ზვიად გამსახურდია არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული ფიგურა, რომელმაც დამოუკიდებლობა დაუბრუნა საქართველოს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ახალი საქართველოს მაცოცხლებელია. როგორც გვარამია ამბობს, დღეს დიდი პარალელიზმია ამ ორ ფიგურას შორის, თავგანწირვის, თავდადების და პატრიოტიზმის კუთხით.
გვარამიასა და „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით ამ პარალელებს ვერ ხედავენ ანალიტიკოსები, რომელთა შეფასებით, არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილს რამე საერთო აქვთ. პოლიტოლოგი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ გამსახურდია იყო უკომპრომისო, რომელიც ყოველთვის ფართო მასებზე აკეთებდა გათვლას და არა ვიწრო პოლიტიკურ წრეებზე, რაც არ ახასიათებს მიხეილ სააკაშვილს.
„უტიფრობაა! სად ზვიად გამსახურდია და სად ბილწი სააკაშვილი?! – დიამეტრალურად საწინააღმდეგოა. როგორ შეიძლება ეს ადამიანი რამენაირად შეადარო ზვიადს, ეს ყოველგვარ ზღვარს გადასული მკრეხელობაა. დაგმობაა იმ იდეების, რასაც ზვიად გამსახურდია ემსახურებოდა და რასაც შეეწირა კიდეც. აგერ გიული ალასანია ამბობს, რომ მიშა სამართლიანობის აღდგენისთვის შიმშილობსო, ეს არის შეურაცხყოფა იმ შიმშილობების აქციების, როცა ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა შიმშილობდნენ!