სამწუხაროდ, აგრესიითა და სიძულვილით აღსავსე კამპანიას ნამდვილად ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ ცოტა და რამდენიც უნდა იგნიასონ, რეალობას ვერ შეცვლიან, ვინაიდან ქვეყანაში სამართლიანობის განცდა მეტს აქვს, უსამართლობის - ცოტას. ახლა სააკაშვილის ჩამოსვლა ახალი ამბავია და ეიფორიაში არიან, ცრუიმედს ებღაუჭებიან.
თანდათან ყველაფერი დალაგდება. პარტიის ლიდერებიც რომ დარწმუნდებიან, მუდმივად ცოტა მხარდამჭერისთვის არიან განწირული, დაანებებენ თავს ამ საქმიანობას. შემდეგ შესაძლოა ღმერთი შეეწიოთ, გონება გაეხსნათ და ან ხორბალი მოიყვანონ, თოხი აიღონ ხელში, ან ვაზს მოუარონ, თავიანთი ენერგია რაღაც კეთილ საქმეს მოახმარონ.
- როგორ ფიქრობთ, ამდენი წლის შემდეგ ამდენი მხარდაჭერი რომ ჰყავთ, მმართველი გუნდის დამსახურებაა?
- ის, რომ ამდენი წლის შემდეგ თავისუფლების მოედანზე ამდენი ადამიანი გამოიყვანეს, ხელისუფლების შეცდომების ბრალია.
როდესაც დიდი და საინტერესო საქმეების ინიციატივები, განზრახვის სიდიადე დაკარგულია, მოქალაქეები პატარა საქმეებისთვის მოიცლიან...
თუმცა ქართველი კაცის, მისი გონიერებისა და გამჭრიახობის იმედი მაქვს, რაც ბოლო წლებში თითქმის ყველა არჩევნებზე დაამტკიცა მოსახლეობამ. ვფიქრობ, მეორე ტურში ამას კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ, ვინაიდან ამ ორპოლუსიან სისტემაში მოსახლეობამ 2012 წელს თავისი არჩევანი გააკეთა და ის არ შეცვლილა. სამწუხაროდ, ისევ ორპოლუსიან სისტემაში ვტრიალებთ. შესაძლოა უკეთესი გვინდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვცვლით.
მივესალმები იმ ადამიანებს, ვინც სიახლეს მისცემს ხმას, იმის მიუხედავად, ვიზიარებ თუ არა მათ განწყობას. რაც შეეხება იმ პარტიებს, ვინც დიდ და გავლენიან ძალებთან შეკედლებას აპირებენ, თვითლუსტრირება მოახდინეს, თუმცა 14 ოქტომბერს მხოლოდ ერთი პარტიის აქცია იყო, სხვებმა, ცალკეულ პირებს თუ არ ჩავთვლით, თავი შეიკავეს... ისე კი ზოგიერთი პატარა პარტია განწირულია პატარობისთვის. სხვებს უფრო ნიჭიერი ჩანაფიქრი თუ ექნებათ, გაფართოვდებიან. ჯერჯერობით, ისევ და ისევ პატარობისთვის განწირული პოლიტიკური ორგანიზაციები ჩანან, ვიდრე საინტერესო ჩანაფიქრის მქონეები.
- რა შეცდომების გამო აღმოჩნდა მმართველი გუნდი ასეთი შედეგის წინაშე?
- ყველაზე მთავარი - წლების განმავლობაში მოსახლეობას უმტკიცებდნენ, რომ მათ გარეშეც მაგრები არიან. უხეშად გამოხატული ზედმეტი თავდაჯერება იყო შეცდომა, რომლის გამო მიიღეს ეს შედეგი. ვერც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე ვერ იქნება ძლიერი. არჩევნებს მოსახლეობა იგებს და არა ვიღაცების პირადი ამბიციები.
მუდმივი მტკიცება, რომ ყველას გარეშეც ყველაზე მაგარი ვარ, შეცდომა კი არა, ქვეყნის მართვის არასწორად გააზრება იყო. თუმცა, ახლანდელი ხელისუფლება ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით იმედს მაძლევს, რომ პოლიტიკის სწორად გააზრებაზე დაფიქრდა. ახლა რეგიონში არსებულ ახალ რეალობაში უნდა ვეცადოთ, რომ სუსტი არ ვიყოთ. ახლა არ არის ის ეპოქა, როდესაც ქვეყნის ძლიერება სამხედრო არსენალით გამოიხატება. ასე რომ იყოს, მაღალტექნოლოგიური შეიარაღება არ დაგვაკლო ამერიკამ, მაგრამ 2008 წლის ომი ძალიან მცირე ხანში დასრულდა.
- რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ არ დასუსტდეს?
- ჩვენი ძლიერება პოლიტიკის სწორად გააზრებაში უნდა გამოიხატოს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა პრაგმატული განსჯის საგანია, რადგან ქვეყნის ინტერესებს ეხება და როდესაც ამ საკითხს ემოციურ კონტექსტში განიხილავ, შეცდომაა. ამის უფლება, მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მაქვს, მაგრამ პოლიტიკოსს - არა. მაგალითად, თუ საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით რუსეთთან ლაპარაკი არ ღირს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს და არა ბულინგის შედეგი, რომელსაც ბოლო ათწლეულებია ვხედავთ. ის, თუ რა ხედვა გვაქვს სამეზობლოსთან, ევროატლანტიკურ ალიანსთან, საქართველო-ამერიკის ურთიერთობასთან, ჯერჯერობით არ მომისმენია, თუ არ ჩავთვლით იმ დაზეპირებულ ფრაზას, რომ ვისწრაფვით ჩრდილო და ევროატლანტიკური ალიანსისკენ; რა სირთულეებია ამ გზაზე მოსალოდნელი, როგორ ვაპირებთ საფრთხეების გადალახვას, ამის ანალიზი არ მომისმენია. თუ საფრთხეების პრევენციებზე ადრევე არ არის ნაფიქრი, არაფერი გამოვა, თუ არის, ძალიან სასიხარულოა.
ამ დღეებში კულტურის კომიტეტში მიმიწვიეს, სადაც ჩემი აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენაზე გამოცემული წიგნები წარვადგინე. ისინი ეთნიკურად აფხაზმა, ოსმა და ჩერქეზმა თარგმნეს, რაც ძალიან მნიშვნელოვან საქმედ მიმაჩნია, მაგრამ კულტურის სამინისტროში თეა წულუკიანი არ მოვიდა, ვერავინ მიხვდა, რომ იმ მთარგმნელების მიმართ სამინისტროს ყურადღება გამოეჩინა. ამჟამად მთარგმნელები ღირსების ორდენზე არიან წარდგენილი და ვიცი, რომ მათ დაჯილდოებას პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი. ამით იმის თქმა მინდა, რომ მანამდე რატომღაც ვერავინ მიხვდა, რომ სახელმწიფოს, კულტურისა და განათლების სამინისტროებს მეტი ყურადღება უნდა გამოეხატათ. არადა, ორი წელია ამ თემაზე ვსაუბრობ. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მასთან დაკავშირებული საქმეები მუდმივად უნდა ახსოვდეს ხელისუფლებას. თუ ამ გზაზე სასიკეთოს ვერაფერს აკეთებენ, სხვისი გაკეთებულის დანახვის უნარი მაინც უნდა ჰქონდეთ...
რუსეთმა ახლახან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან "საზღვრის დელიმიტაცია" მოითხოვა. ასეა, როდესაც ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, არაკეთილმოსურნეები ცდილობენ ვითარება სათავისოდ გამოიყენონ. თუმცა ვიღაცები სააკაშვილის დიეტასა და კვების რაციონზე საუბრობენ. მე არავის ციხეში ყოფნა არ მახარებს, მაგრამ კანონზე მაღლა არც პრეზიდენტი უნდა იდგეს და არც მევენახე და ჯარისკაცი. ის საქართველოში არაჟნის ტრაილერს შემოჰყვა და პოლიტიკურ სანაგვეზე ნაგვის მანქანა წაიღებს.
ჩემი ინტერესის საგანი აღარ არის, ვინ რას უწოდებს თავის თავს, პოლიტპატიმარს თუ სხვა რამეს. საერთოდ, ფსიქიატრიულში ზოგი ნაპოლეონია, ზოგი ჩერჩილი ან სტალინი, ან სულაც მაკედონელი.
ამ ხელისუფლებას მივმართავ, პატიმარ სააკაშვილისთვის აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გახსნა და მისი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნა, არის ყველა პატიმრის შეურაცხყოფა, ეს კი, ხელისუფლების მხრიდან უმსგავსობაა, ვინაიდან, ასეთი დამოკიდებულება ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენი პატიმარი მეორეხარისხოვანია. შეწყვიტეთ ეს უმსგავსო საქციელი, თორემ მოსახლეობისგან დამსახურებულ შეურაცხყოფას მიიღებთ!..
განაგრძეთ კითხვა