რუსთავში მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან 16 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განაცხადა, რომ მალე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აღარ იქნება. „ინფორმაცია მათივე წრიდან მივიღე. ედუარდ სააკაშვილს ამზადებენ მელიას შემცვლელად. ის პიროვნება, ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა, მათ ე.წ. ელიტასთანაა დაკავშირებული. პირობას გაძლევთ, ტერორისტული ორგანიზაცია, „ნაციონალური მოძრაობა“ მალე აღარ იქნება და რა თქმა უნდა, ნიკა მელიაც მისი თავმჯდომარე აღარ იქნება. პიროვნებას, ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა, ვენდობი, რადგან აქამდე რა ინფორმაციაც მოუწოდებია ჩემთვის, ყველაფერი გამართლდა“, – განაცხადა მოლაშვილმა „ფორტუნასთან“. მოლაშვილი ირწმუნება, რომ მელიასა და სააკაშვილს შორის დიდი დაპირისპირება და განხეთქილებაა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული დესტაბილიტაცია შეიტანა თვითონ მიხეილ სააკაშვილმა თავისი ჩამოსვლით. დღესაც აზრზე ვერ მოდიან, რა გააკეთონ, იმიტომ არიან ჯგუფ-ჯგუფად, სხვადასხვა რაღაცებს აკეთებენ. სააკაშვილმა ჩამოსვლით პირველ რიგში, სერიოზული დარტყმა მიაყენა თავის ყოფილ პარტიას. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვანო მერაბიშვილი არ დაიყენა გვერდით, მერაბიშვილმა კი სააკაშვილს შეუსრულა. ჩემი აზრით, ცოტა უშიშროების დამსახურებაცაა პარტიაში დიდი განხეთქილება. მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერ მიდის, არ ეძახიან, რადგან მისი გამოჩენა წაგებიანია. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი ჩამოიყვანა მერაბიშვილმა, გეგმები დააწყვეს. ერთი სიტყვით რომ გითხრათ, ძალიან დიდ გაუგებრობასა და დაპირისპირებას აქვს ადგილი. ყველაფერს მალე ნახავთ, არჩევნების მეორე დღესვე დაიწყება საუბარი ნაციონალურ-ტერორისტულ ორგანიზაციაზე“, – ამბობს მოლაშვილი.