ელისო კილაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა. მისი თქმით, ოლიგარქმა ვიზაც დაჩქარებული წესით აიღო. ჟურნალისტის თქმით, ამ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც მისი შიდა, ისე გარე წყაროები:
"გაგიკვირდებათ და ბიძინა ივანიშვილი გაემგზავრა აშშ-ში, სადაც მას აქვს სახლი. პირველად ჩავიდა სხვათა შორის, აქამდე ჩემი ინფორმაციით, ის ამერიკაში ნამყოფი არ იყო... ივანიშვილი წავიდა ყველაზე დაცულ ქვეყანაში, ვიზაც მე როგორც ვიცი, დაჩქარებული წესით მიიღო" ამბობს ელისო კილაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში".
გარდა ამისა, კილაძის თქმით, ივანიშვილს ეშინია რუსეთის, რადგან ბოლომდე ვერ შეასრულა პუტინის დავალება და სწორედ ამიტომ შეაფარა თავი შტატებს, იმის მიუხედავად რომ საფრანგეთის მოქალაქეა.
"მე როგორც ვიცი, მას აქვს ახლადშეძენილი ქონება, საკმაოდ დიდი რეზიდენცია იქ და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშინია და ადამიანურ შიშებს და ქვეყნის შიგნით პროტესტს არ ვგულისხმობ. მე ვგულისხმობ იმ ტრადიციულ შიშებს, რაც რუსეთის მხრიდან ემუქრებათ ხოლმე ასეთი ქვეყნის მმართველებს, როდესაც ისინი მთლად ბოლომდე არ ასრულებენ იმ დავალებებს, რა დავალებებსაც პუტინის რეჟიმი აძლევს ხოლმე" ამბობს კილაძე "დღის სტუმრის" ეთერში.
კილაძე ამბობს, რომ ამ ყველაფრის ფონზე "ქართულ ოცნებაში" სრული ქაოსი და აჟიოტაჟია, რადგან იციან, რომ ივანიშვილი მზადაა ხელისუფლება გადააბაროს კოალიციურ მთავრობას და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.