,,გადაწყვეტილებას სააკაშვილის გადაყვანა-გადმოყვანის თაობაზე, ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს, მაგრამ კარგი ის იყო, რომ ორთავე ჯგუფმა შეძლო არგუმენტი მოეყვანა და დაერწმუნებინა... ჯანდაცვის სამინისტროც იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს ალბათ სააკაშვილის გადაყვანა"- რამდენიმე წუთის წინ, სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული ექიმთა კონსილიუმის და ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის შეხვედრა დასრულდა.
კონსილიუმის ერთ-ერთი ექიმის, გიორგი გრიგოლიას განცხადებით, ტიკარაძის უწყებას არ აქვს უფლებამოსილება უშუალოდ მოახდინოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, რომელიმე სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა თანხმდება იმაზე, რომ მისი მკურნალობა გლდანის #18 სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლებელია.
,,ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე პოზიცია, როგორც ნებისმიერი ექიმის. ამ შემთხვევაში ის იქცეოდა, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნეს მრავალპროფილურ კლინიკაში"- განაცხადა რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ.