თურქეთში მცხოვრებმა ინეზა ხუჯაძემ „პრაიმტაიმთან“ დაადასტურა, რომ გუშინ მისი ოჯახის ახლობელი, ასევე თურქეთში მცხოვრები, 28 წლის გოგო გარდაიცვალა COVID-19 ით.
ინეზა ხუჯაძე: „სიფრიფანა, ლამაზი, ორი შვილის დედა მოკვდა იმიტომ, რომ მის ქმარს ტვინის მაგივრად რაღაც სხვა ედო თავში და იძახდა, არავითარი ვირუსი არ არსებობს, იგონებენო. პირბადეს არ ატარებდა, ალბათ დისტანციასაც არ იცავდა. მოკლედ, არ ფრთხილობდა და ჯერ თვითონ მას, მერე ცოლს და ორ ბავშვსაც კორონა ვირუსი შეეყარა. ამ საცოდავ გოგოს ფილტვების ანთება ჰქონდა გადატანილი და ვირუსს ვერ გაუძლო, დარჩა 2 ბავშვი უდედოდ, მშობლებს მოუკვდათ ერადერთი შვილი. ცოტა ხანში ქმარი სხვა ცოლს ითხოვს უეჭველი და ყველა იტყვის: რა ექნა აბა, ახალგაზრდა კაცია, ორ ბავშვსაც ხომ მოვლა უნდაო? და ასე გაგრძელდება სიცოცხლე, მის გარეშე.
ამას ვამბობ იმიტომ, ძალიან ბევრს უდევს თავში ტვინის მაგივრად რაღაც გაურკვევლობა. როგორ შეიძლება, ყველაფერს პოლიტიკური სახე მიეცეს? ისეთი ადამიანები წერენ, აფიორაა ეგ და არავითარი „კოვიდი“ არ არსებობსო, მიკვირს. ეჭვი არ მეპარებოდა მათ ინტელექტსა და სწორ აზროვნებაში. იმ გოგოს მშობლებს ჰკითხეთ აბა და შვილებს, დედის გარეშე რომ დარჩნენ. გეტყვიან, არსებობს თუ არა. არსებობს ხალხნო, არსებობს!!! იქნებ ვიღაცები ამით ფულს აკეთებენ, მაგრამ ეს რეალობას ვერ ცვლის. მოეკიდეთ ცოტა სერიოზულად და ნუ ჩაიგდებთ საფრთხეში ნურც საკუთარ თავს და ნურც ახლობლებს!
წყარო