სააკაშვილი თავის მორიგ მიმართვაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, სუს-ის მხრიდან ტერორზე საუბრობს და აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ბოლო დღეებში სამედიცინო პერსონალის ტერორი დაიწყეს, რადგან ეშინიათ, მათი მეშვეობით არ გადასცეს საზოგადოებას გარკვეული გზავნილები. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მკურნალობის კურსზე უარს იტყვის:
„უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში სუსის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები.
თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი“, - ნათქვამია სააკაშვილის წერილში.