ამ მსესხებლების რაოდენობა არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" მიმოხილვის თანახმად 120 ათასია. ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, მონეტარული განაკვეთის უცვლელად შეფასება ზედმეტად ფრთხილ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. "საზოგადოება და ბანკების" შეფასება:
"1 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 1800-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6.06 მილიარდიდან 6.46 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 120,300 ხელშეკრულებიდან 34,400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 865.9 მილიონი ლარი.
ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა, 1 აგვისტოს მდგომარეობით, 13.24% შეადგინა. რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აგვისტოს მონაცემებით 46,600 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.35%-ში. მთლიანი პორტფელი კი, 2 მილიარდი ლარია. 35,400 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც წინა პერიოდთან შედარებით 300-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3.3 მილიარდი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1.1 მილიარდი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.61%-ში, ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 აგვისტოს მონაცემებით 2.17 მილიარდი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.96%-ში. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი.
სულ 1 აგვისტოს მონაცემებით, 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 18 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 14.18%-ში გაასესხეს. ასევე გაცემულია 2,900 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 87.15 მილიონი ლარია. 1 აგვისტოს მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 43.89%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სალომბარდე სესხზე, ხოლო ყველაზე დაბალი - იპოთეკურ სესხებზეა. 1 აგვისტოს მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 14.23%-დან 14.12%-მდე. „საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ზედმეტად ფრთხილი მიდგომის გამოვლინებაა, რომელიც, შესაძლოა, გამართლებული ყოფილიყო ეკონომიკური სტაბილურობის პერიოდში, მაგრამ, მაშინ, როდესაც ეკონომიკა რეცესიაშია და სწრაფი გაჯანსაღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკი უფრო მკვეთრ ნაბიჯებს უნდა დგამდეს. იმ პირობებში, როდესაც, ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი ბოლო პერიოდში შეუქცევადად მცირდება და შესაძლოა მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოსცდეს კიდეც, წარმოიქმნება სივრცე აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გატარებისათვის.
ბოლო დღეებში, დოლარის მიმართ ლარის გაუფასურება COVID19-ის შემთხვევების მზარდ მაჩვენებელს და ბაზარზე შექმნილ გაურკვევლობას შეიძლება მივაწეროთ, რადგან სხვა ფუნდამენტური ფაქტორები უცვლელია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა უნდა მიმართოს საზოგადოებასთან და ეკონომიკურ სუბიექტებთან აქტიური კომუნიკაციის მეთოდს და გაანეიტრალოს ნეგატიური მოლოდინები გაცვლით კურსთან და მოსალოდნელ ინფლაციასთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და თითქმის $4 მილიარდია, რაც სხვა ნაბიჯებთან ერთად მნიშვნელოვანი ბერკეტია კურსის ზედმეტად გაუფასურების ეფექტის და შემდგომში ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებისათვის", - ნათქვამია ორგანიზაციის მიმოხილვაში.