„ბიძინა ივანიშვილმა, სანამ საქართველოში დაბრუნდებოდა და პოლიტიკაში ჩაებმებოდა, თავისი მრავალმილიარდიანი სიმდიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის დროს დააგროვა, უმეტესად - საბანკო სექტორში და ტექნოლოგიების სფეროში. იგი მოსკოვში სწავლისა და სტუდენტობის პერიოდს - 1991-92 წლებს, სასამართლოში გამოსვლის დროს ასე აღწერს: „ყველაზე ველური კაპიტალიზმის ეპოქა რუსეთში და საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“. მან დაადასტურა, რომ თავისი ბიზნესიმპერიის შექმნა ელექტრონული აპარატურისა და მობილური ტელეფონების იმპორტით დაიწყო, რისთვისაც თანხა ნათესავებისა და მეგობრებისაგან ისესხა“, - წერს ავტორი.პუბლიკაციაში გადმოცემულია, თუ როგორ მოაგროვა ბიძინა ივანიშვილმა პირველი მილიონი დოლარი და როგორ შეიძინა ბანკი („ბიზნესი კლასიკური ფორმით გავაფართოვეთ, გავაუმჯობესეთ საბანკო სერვისი, ამ მხრივ გამოვიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რეალურად მოვახერხეთ მილიონი დოლარის დაგროვება და ამით ბანკი ვიყიდეთ“), როგორ ააშენა თავისი ბიზნესიმპერია, ძირითადად, რომელი სფეროებით იყო დაინტერესებული (საფინანსო, სამრეწველო, სამთო-მომპოვებელი, ტექნოლოგიური და ა.შ.).
„მოგვიანებით მან თავისი აქტივების ნაწილი რუსეთში გაყიდა და როცა საქართველოში დაბრუნდა და პოლიტიკაში ჩაება, თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ში განათავსა“, - აღნიშნულია სტატიაში.
გაზეთში ვრცლად არის გადმოცემული Credit Suisse-ს ბანკის თანამშრომლის - პატრიკ ლესკოდრონის მიერ ჩადენილი გახმაურებული თაღლითობა, რომლის შედეგად ბიძინა ივანიშვილმა 500 მილიონი დოლარი იზარალა. სტატიაში, ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ბერმუდის უმაღლეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვას შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ. როგორც უკვე ცნობილია, საბოლოოდ, მოსამართლე ნარინდერ ხარგუნმა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და Credit Suisse-ს კლიენტისადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში დაავალდებულა.
წყარო