თავის მხრივ, რეგიონებში ოპოზიციური აქტივი ძალიან დაფრთხა. მხოლოდ პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერის ლანძღვა და გულის მოფხანა აქტივს არაფერს მატებს. მათ სულ უფრო მყარად სჯერათ, რომ ადგილებზე დაუცველები არიან და იგივე ხაბეიშვილის მოწოდების მიუხედავად, პასუხს ყველას მოგთხოვთო, მათ მხარდამჭერებს ამ პასუხის მოთხოვნის სულ უფრო ნაკლებად სჯერათ, მითუმეტეს მაშინ, როცა თავად პარტიის თავმჯდომარეზე იწევენ „ოცნების“ აქტივისტები. წესითა და რიგით, ნაციონალური მოძრაობის სიძლიერე ისევ მიხეილ სააკაშვილმა უნდა დაამტკიცოს და ამიტომაც არის, ექსპრეზიდენტი ციხიდან წერილს წერილზე რომ იწერება, მაგრამ ეფექტი არც ამას აქვს. ამბობენ, ზედ წინასაარჩევნოდ, სააკაშვილი ამომრჩეველს ისეთ რამეს დაპირდება, აქამდე არავინ არავის რომ არ დაპირებიაო. კულუარებში ამბობენ, მიშა საყოველთაო ამნისტიას დაანონსებსო… მაგრამ საეჭვოა ამან ძალიან იმუშაოს, რადგან ახლა პატიმართა რიცხვი იმაზე სამჯერ ნაკლებია, ვიდრე მიშას დროს იყო და თანაც, გამორიცხულია, ამნისტია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე მუხლებით გასამართლებულებს შეეხოს. ისე, ამნისტიაზე მმართველი გუნდიც ფიქროს, საშემოდგომო სესიისთვის რომ შეიტანოს პარლამენტში და ახალ წელს „მოარტყას“, თუმცა ამ გზით, ციხიდან 700-900 ადამიანის გამოშვებას გეგმავენ, დანარჩენებს სასჯელი შეუმსუბუქდებათ და მიშაც მოსალოდნელი დაპირებაც ჩაილურის წყალს დალევსო.
ბევრს ჰგონია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერების მხრიდან დაწყებული აგრესია უბრალოდ რეიტინგის გასაზრდელად და აქტივის შესაგულიანებლად არის მოფიქრებული. რეალურად კი, „ქართული ოცნება“ დეკემბრისთვის ემზადება, ანუ იმ დროისთვის, როცა ევროპამ უნდა გადაწყვიტოს, მოგვცემს თუ არა კანდიდატის სტატუსს. თუ არ მოგვცემენ, ქუჩაში ხალხი გამოვა და სწორედ მათ საპირწონედ სურს ხელისუფლებას ამ ხალხის გამოყვანა. შესაბამისად, ახლა მიმდინარე მოვლენები, დეკემბრისთვის ერთგვარი რეპეტიციაა და ამ რეპეტიციას აქტივი აშკარად წარმატებით გადის. რაც მთავარია, აქტივმა ის უნდა ირწმუნოს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერთა მისამართით გამოხატული აგრესია პრაქტიკულად არ დაისჯება და აგერ, მშვილდაძის ცემის გამო დაკავებულსაც სულ მალე გირაოთი გამოუშვებენ. სულ მალეში 2-თვიანი წინასწარი პატიმრების ვადის გასვლას ვგულისხმობ და ამის გარანტიები უკვე გაცემულიც არის და მიღებულიც.
დანარჩენი ოპოზიცია კი ჯერ კვლავაც გაურკვევლობაშია. მხოლოდ „ლელომ“ იცის, საარჩევნოდ ფული რომ არ გაუჭირდება და სხვებს თავისკენ ექაჩება, ერთკაციანი პარტიები ახალ მფარველს ეძებენ და „ლელოს“, შესაძლოა, რამდენიმე მათგანი მართლაც შეუერთდეს. „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ ხელისუფლების მიმართ აშკარად შერბილებული პოლიტიკა აქვთ, მაგრამ ჯერ ზუსტად არ იციან, არჩევნებისთვის რა მოხდება. სამაგიეროდ, „ხალხის ძალამ“ ზუსტად იცის, რომ წინასაარჩევნოდ (გააჩნია არსებულ ფონს იმ წუთისთვის) ან ცალკე პარტიად გავა, ან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას გადაწყვეტს და მისი ექვსივე წევრი გამსვლელ სიაში მოხვდება. სია ტყუილად არ გვიხსენებია, რადგან გამსვლელ სიაში მოხვედრა უმრავლესობის მოქმედი დეპუტატებიდან ყველას სურს და ერთი ამდენი კიდევ გარედან ელოდება თავის რიგს. ამიტომ, გვერწმუნეთ, სიაში მოსახვედრად მმართველ გუნდში ძალიან, ძალიან დიდი გარჩევები იქნება და ამ გარჩევების გამო, შესაძლოა მუშტი-კრივიც გაიმართოს. ჰო, კიდევ ერთი – უმრავლესობის წევრებმა კარგად იციან, სიაში თუ ვერ მოხვდებიან, ოპოზიციის მხარეს გადასვლას აზრი არ აქვს, რადგან ვინც ასე მოიქცა, ყველა საშვილიშვილოდ ჩარეცხა „ოცნებამ“ და ვინც უბრალოდ დაელოდა, მას რაღაც თანამდებობა მაინც მისცეს, ანუ უმუშევარი არ დატოვეს. განაგრძეთ კითხვა