მე არ მაქვს პრობლემები კონკრეტულ ადამიანებთან, მაგრამ ვერ დავეთანხმები ცალკეულ მიდგომებს. მე ვარ შიდა პარტიული დებატების მომხრე, რაც ყოველთვის იყო “ნაციონალური მოძრაობის” ძლიერი მხარე.
დებატები საქმეზე არის ის, რაც აცოცხლებს სიტუაციას, მაგრამ მას შემდეგ, რაც დებატების შედეგად გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მისი რევიზიის მცდელობა ჩემთვის მიუღებელია.
ამიტომ, კატეგორიულად ვერ გავიზიარებ ზოგიერთ მოსაზრებას ლევან ხაბეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილის და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით.
ისინი აბსოლუტურად ლეგიტიმურად აირჩნენ ფართოპარტიული არჩევნების შედეგად და ამ თემაზე ამდენი ხანი კამათი გვაკარგვინებს მთავარ მიმართულებას და ეს მხოლოდ ოლიგარქის ინტერესებშია.
ახლა ჩვენ, არსებულ სიტუაციაში, როგორც არასდროს გვჭირდება კონცენტრაცია საქმეზე და არა პირად ამბიციებზე და წყენაზე.
ევროპა უკრაინის გმირობის და ტრაგედიის ფონზე გვაძლევს შანსს, მაგრამ ეს არ ცვლის იმ გარემოებას, რომ ქვეყანა პრაქტიკულად ოკუპირებულია და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელებმა კარგად იციან, რომ ჩვენ ხალხს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის, მათ მაინც უჭირთ გადაწყვეტილების მიღება ამ სტატუსთან მიმართებაში.
ამიტომ, დანარჩენი უკვე ჩვენი გასაკეთებელია.
ჩვენ ხალხთან ერთად უნდა შევიმუშავოთ კონცეფცია, თუ როგორ ვაპირებთ ოლიგარქის მარწუხებისგან გათავისუფლებას და შემდეგ როგორი ქვეყნის აშენებას შევძლებთ.
მე ვთავაზობ ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრს და მხარდამჭერს 23 ნოემბრამდე, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავამდე, ერთად შევქმნათ მანიფესტი ამ საკითხებზე. შემდეგ, 23-ში, ამ მანიფესტს, სადაც იქნება შესული ყველა ფუნდამენტური საკითხი, ერთობლივად მოვაწეროთ ხელი.
მანიფესტი უნდა შეიცავდეს ასევე პარტიული ერთიანობის შეთანხმებას. თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა. ჩვენ კი შევძლებთ მომავალზე სრულად კონცენტრირებას.
ეს მანიფესტი უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის და განახლების უნარის პრეზენტაცია”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.