„სამწუხარო ამბავი: გარდაიცვალა გურამ კეკელია, (1959-2023) ღირსეული ადამიანი თავისი პიროვნული მომხიბვლელობით, შინაგანი სინათლით და მოქალაქე თავისი აზროვნებით, რასაც ჩვენს არაცალსახა, მძიმე და დაბნეულობებით აღსავსე უკანასკნელ ათწლეულებში ღირებულებათა ნათელი, არ-აღრეული წყობით ცხოვრება ქვია.გურამი, მაშინ სავსებით ახალგაზრდა, უყოყმანოდ შეუერთდა იმ ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას, რომელმაც 80-იანების მეორე ნახევარში მოიკრიბა თავისი ძალა. 1990 წლის 28 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობისკენ აიღო გეზი, იგი მოღვაწეობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი. იგი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დავალებით იმყოფებოდა როგორც ინგუშეთში, ისე ჩეჩნეთში ჯოხარ დუდაევთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო მან ქვეყნისთვის საბედისწერო 1992 წლის 6 იანვარს დატოვა.სიმართლის უალტერნატივობის და საბოლოოდ მისი გამარჯვების რწმენით იცხოვრა. უმძიმესი სენის პირისპირ მყოფიც თავს ამით ინუგეშებდა. გმადლობ მეგობრობისთვის ძმაო, უხმაურო, უდრტვინველი მსახურებისთვის.“