„მიმძიმს ამ ყველაფერზე საუბარი. ბაბუა ძალიან თბილი კაცი იყო. ყოველთვის გვეფერებოდა და გვეალერსებოდა. მისთვის წარმოუდგენელი იყო ჩვენთან დისტანცირება სოფელში რომ მივდიოდით, ყოველთვის კალთაში მისვამდა. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა პატარებთან. იყო საოცარი იუმორის პატრონი და შვილიშვილებს გადმოგვესხა მისი წყალი. ხშირად გვქონდა ლაპარაკი პოლიტიკაზე და გადამწყვეტ მომენტში (ვარდების რევოლუციის დროს) გაითვალისწინა ჩემი რჩევა, რომ სახლში წასულიყო და დაეტოვებინა თანამდებობა. მას შეეძლო, რომ გამოეყენებინა ძალა, მაგრამ ის ქვეყანას არასდროს გაწირავდა პირადი ინტერესების გამო. ერთი რამე მინდა მოგიყვეთ. ჯერ არავისთვის მითქვამს. ამ წერილს მალე მთლიანად გამოვაქვეყნებ, რადგან ბაბუას ნათქვამი ჰქონდა, როდესაც აღარ ვიქნები, მხოლოდ მაშინ გამოაჩინე ეს წერილიო. ფაქტიურად ანდერძად დამიტოვა და ოჯახის სხვა წევრებმა ამის შესახებ არც იცოდნენ. მიხეილ სააკაშვილი, კახა თარგამაძე და ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცუდად ჰყავს მოხსენიებული. ბაბუას ბადრი პატარკაციშვილის იმედი ჰქონდა, როგორც ქვეყნის პატრიოტის. ივანიშვილსაც უფასებდა იმ სიკეთეებს, რაც გაკეთებული აქვს, მაგრამ მაინც ვერ ენდობოდა ბოლომდე. მიზეზად მისი შორსმხედველობა მოყავდა, რასაც მე ვერ ვხვდებოდი ივანიშვილის მოსვლამდე. ვერ ვიფიქრებდი, თუ ეს კაცი პოლიტიკაში მოსვლას მოინდომებდა. სულ ამბობდა, რომ ინვესტიციას ტყუილად არ დებს ქვეყანაშიო. მას სხვა განზრახვა აქვს და ამას მალე მოვიმკითო. დამეთანხმებით, რომ პროგნოზებში იშვიათად სცდებოდა. სააკაშვილს და თარგამაძეს ფარულ გარიგებაში ადანაშაულებდა. მას ვერ წარმოედგინა, რომ თარგამაძე სააკაშვილის მოკავშირე გახდებოდა. ყოველთვის ამბობდა, რომ რთულია პოლიტიკოსების ნდობა. ერთეულები დარჩნენ, ვინც არ უღალატა ბაბუას.