“როგორც ვხვდები, ცალკეული კითხვები, რომელიც “კომსომოლსკაია პრავდას” რედაქტორის მიერ იყო მისთვის დასმული, არასწორი ინფორმაციის საფუძველზე იყო ჩამოყალიბებული.
დავა ქონებრივი საკითხების ირგვლივ აფხაზეთში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეთა შორის, მათ შორის აფხაზებშიც, იჩენს თავს. ამ პრობლემას ეთნიკური განზომილება არ აქვს და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მეშვეობით წყდება.რაც შეეხება ქართული წარმომავლობის რუსეთის მოქალაქეებს, საჭიროა აღვნიშნოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო ორგანოს ამ საკითხში ერთიანი მიდგომა აქვს ყველა ეროვნების, მათ შორის ქართველების მიმართ. ერთადერთი შეზღუდვა, რომელსაც აფხაზეთის კანონმდებლობა ქონებრივი საკითხების თვალსაზრისით ითვალისწინებს, ეს არის იმ მოქალაქეებისთვის შეზღუდვა, ვინც იბრძოდა ან დღესაც იბრძვის აფხაზეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ვინც აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა ან საოკუპაციო ჯარებს ეხმარებოდა”, – აცხადებს დაურ კოვე.
აფხაზეთში უძრავი ქონების ან მიწის შეძენის შესახებ დისკუსიები პერიოდულად მიმდინარეობს. რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს აფხაზეთის ხელისუფლება დაითანხმოს იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვისას დაიკანონონ შეძენილი ქონება. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის გამო, აფხაზები ბევრჯერ გაკიცხვის ობიექტიც გამხდარან მოსკოვის მხრიდან.