ბექა ლილუაშვილი „რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ მისი პარტია შეეცდება ბალანსის დაცვას და შესაბამისად, საკვანძო თანამდებობების ენმ-სა და „ოცნების” კანდიდატებს შორის გადანაწილებას. გარდა ამისა, ორშაბათს მისი პარტია ახალ წინადადებას წარმოადგენს ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუშლის საკრებულოების ოპოზიციონერი დეპუტატების მმართველი პარტიის მიერ გადაბირებას.
„ჩვენ თავდაპირველად „ნაციონალურ მოძრაობასაც” და „ქართულ ოცნებასაც” შევთავაზეთ, რომ თავმჯდომარეებად მათი კანდიდატები წარედგინათ, მაგრამ ამ ორმა პარტიამ ეს ვერ შეძლო და ვერ მივიდნენ კონკრეტულ შეთანხმებამდე. ახლა კი გადავწყვიტეთ, რომ იმ მუნიციპალტეტებში, სადაც ჩვენ აგვირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარეებად, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები წარვადგინოთ.
„ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ჩვენ კოალიციას ვქმნით რომელიმე პარტიასთან. უბრალოდ ვცდილობთ კრიზისი ავირიდოთ და ცივილიზებული გადაწყვეტილება მივიღოთ, თორემ „ოცნება” უკვე არჩევნების გაუქმებაზე საუბრობს. ამით ჩვენს მთავარ პრინციპს – ბალანსს დავიცავთ. ასევე, სხვა პარტიების ინტერესებსაც, რის გამოც აგვირჩია მოსახლეობამ.