ადვოკატის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჰქონდა სურვილი და ეგონა, რომ შეძლებდა სასამართლოში მისვლას, მაგრამ სამედიცინო პერსონალმა რისკების გამო, ამის ნება არ დართო.
საძაგლიშვილი ამბობს, რომ მათ სამედიცინო დაწესებულების მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ აქვთ, მაგრამ ფაქტმა ცხადყო, რომ სიტუაცია იმდენად გაუარესებულია, რომ ხანგრძლივი მკურნალობის კურსის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის სასამართლომდე ტრანსპორტირებაც კი საფრთხედ მიაჩნიათ ექიმებს.
"მიხეილ სააკაშვილი მადლობელია ყველა იმ ადამიანის, ვინც მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატა მის მიმართ. ის, ასევე, სთხოვს ყველას, რომ თავი შევიკავოთ საკითხის ზედმეტი პოლიტიზებისგან. ფაქტია, რომ გადაწყვეტილება მალეა მისაღები რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო კატასტროფული შედეგები",- ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი. ადვოკატმა, ასევე, აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად უარესდება და ყველა მონახულების შემდეგ მდგომარეობა უფრო მძიმდება. მისივე თქმით, ამ ფაქტს უკვე კლინიკა "ვივა მედის" სამედიცინო პერსონალიც ადასტურებს.