კვირიკაშვილი ზღაპარს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის და მამუკა ხაზარაძე, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებდნენ.
“ეს ისტორია და ზღაპრები, რომ თითქოს, მე და მამუკა ხაზარაძე წელიწად-ნახევრის წინ რაღაცებს ვაპირებდით, ეს არის მოგონილი კონკრეტული ადამიანების მიერ, რომლებსაც ამ მითის მოგონება აწყობდათ, მათი მოგონილი და დაწერილია ეს ზღაპარი. ამაში ძალიან სამწუხარო ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს არა თუ დაიჯერა, არამედ მთელი თავისი მოქმედებები ააწყო ამ მითებზე“,- ამბობს ყოფილი პრემიერი.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყანაში სახელისუფლებო კრიზისია, რაზეც პასუხისმგებელი “ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილია. ამასთან, კვრიკაშვილი წყრომას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე განმწესებული წინა რეჟიმის დამნაშავეები ჰყავს.
“ჩემი აზრით, იმ ადამიანების პირდაპირ დეპორტირება მმართველ პარტიაში არის ძალიან დამაზიანებელი “ქართული ოცნებისთვის“ და ჩვენი სახელიმწიფოსთვის. მე ყველას ვგულისხმობ, არ მინდა გვარებზე საუბარი. თუკი რაიმე ნეგატივი არსებობდა იმ სახელმწიფოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრბდით 2012 წლამდე, ძალიან ბევრი რამ იყო დაკავშირებული იმ სისტემის ყველაზე ცუდ ნაწილთან. მაინცდამაინც ის ცუდი ნაწილი რატომ უნდა გინდოდეს, რომ შენს სახელმწიფოში გადმოაპორტირო ჩემთვის ძალიან რთულად გასაგებია. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა არის. ჩემი აზრით, ეს მითვის, მისი პარტიისთვის და სახელმწიფოსთვის არის, პირველ ყოვლისა, დამაზიანებელი“,- განაცხადა გიორგი კვრიკაშვილმა.