და მაინც, მოდი, უკიდურესად არარეალისტური ვარიანტი განვიხილოთ: ვთქვათ, საქართველოს სრულუფლებიანი ლიდერი ისევ მიხეილ სააკაშვილი ხდება. განა რის გაკეთება შეუძლია მას რუსეთის საზიანოდ? დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა? - არ გამოვა, დიპლომატიური კავშირები დიდი ხნის წინათ მან თვითონ დაარღვია. სავიზო რეჟიმის დაწესება რუსეთის მოქალაქეების მიმართ? - დააწესოს და, მერე რა? პანდემია გადაივლის, რუსი ტურისტები ორიენტაციას სხვა ქვეყნებისკენ მიმართავენ. ალბათ, ხვდებით, თუ როგორ "მოიგებს" ამით ქართული ტურისტული ბიზნესი.
და რა დარჩება მიხეილ სააკაშვილს ანტიკრემლური ზომების ყულაბაში - ნატოში გაწევრება? - არ გამოუვა: სამხედრო ბლოკში ისეთ ქვეყნებს არ იღებენ, რომლებსაც მეზობლებთან ტერიტორიული პრობლემები არ აქვთ მოგვარებული; აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ახალი ომის დაწყება? - საეჭვოა, რომ საქართველოში ვინმეს 2008 წლის "სასიამოვნო გამოცდილების" გახსენება სურდეს... და თუ ჩემს სეხნიას - მიხეილს ასეთი სურვილი გაუჩნდება, ისიც ისევე დასრულდება, როგორც 2008 წელს დასრულდა. რასაკვირველია, მას შეუძლია ტელეარხი გახსნას და დღედაღამ რუსეთის პრეზიდენტი და მისი ნათესავები ლანძღოს, მაგრამ როგორც შარშანდელმა ამბებმა გვაჩვენა, კრემლმა უკვე ისწავლა მსგავს ლაზღანდარობაზე ეფექტურად რეაგირება.
ჰოდა, გამოდის, რომ კრემლმა შეიძლება საერთოდ იგნორირება მოახდინოს თბილისში ხელისუფლების ცვლაზე და მას ყურადღება არ მიაქციოს. ამით [ზოგიერთი ქართველის] საუკუნოვანი ოცნებაც ასრულდება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რეალური "ქართული ოცნება" სრულიად სხვაა... (წყარო)
--------------
გაზეთ "კომერსანტში" ("Коммерсантъ") დაბეჭდილია სტატია სათაურით - "ოცნება" ჯერ კიდევ ცოცხალია: ბიძინა ივანიშვილის პარტია დასუსტდა, მაგრამ ხელისუფლება მაინც შეინარჩუნა" (ავტორები - გიორგი დვალი და კირილე კრივოშეევი). პუბლიკაციაში ფართოდაა გადმოცემული არჩევნების პერიპეტიები, ქართველ პოლიტიკოსთა განცხადებები, ოპოზიციის გეგმები, მათ შორის - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსპექტივაც. "კიევში მცხოვრებ მიხეილ სააკაშვილს უფრო მასშტაბური გეგმები ჰქონდა, ვიდრე - შორიდან საპარლამენტო უმცირესობის ხელმძღვანელობა. მან ჯერ კიდევ 31 ოქტომბერს, არჩევნების დროს განაცხადა, "ჩამოვალ და ოპოზიციის მოქმედებას კოორდინაციას გავუწევო", მაგრამ მის გეგმებს ასრულება არ უწერია.
მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვება პირველმა მეზობელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა - ილჰამ ალიევმა მიულოცა, მოსკოვმა კი "ქართული ოცნების" წარმატებისადმი ინდეფერენტულობა გამოამჟღავნა. ფედერაციის საბჭოს წევრის, კონსტანტინე კოსაჩევის თქმით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. (წყარო)
----------------
გაზეთ "იზვესტიაში" ("Известия") დაბეჭდილია ვრცელი პუბლიკაცია სათაურით - "საით მივყავართ "ოცნებას": რას უნდა ველოდოთ საქართველოს ახალი მთავრობისგან? // არჩევნების შედეგები რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედებს არ გვაძლევს" (ავტორები - მარია ვასილიევა და ალექსეი ზაბროდინი). ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებთან და პოლიტიკოსთა განცხადებებთან ერთად, სტატიაში რუსი ექსპერტ-პოლიტოლოგების კომენტარებიცაა მოცემული.
განაგრძეთ კითხვა