ახალგაზრდები პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ისინი პარლამენტთან აპროტესტებდნენ კარასინ-აბაშიძეს შორის გამართულ ვიდეკონფერენციაზე განხილულ შიდა პოლიტიკურ პროცესებს, რომლის შესახებაც მხოლოდ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებიდან გახდა ცნობილი. აქტივისტების დაკვირვებით იქ სადაც რუსეთის ქმედებებსა და მეზობელ ქვეყანასათან საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ პოლიციაც უფრო აგრესიული ხდება. მათი აზრი აქაც კარგად ჩანს მმართველი გუნდის დათმობის პოლიტიკა. ამბობენ, რომ ხელისუფლება რუსეთის გულის მოსაგებად გავრილოვის გამო ისევ აკავებს ახალგაზრდებს. მათ ვინც უკვე ერთ წელზე მეტია არ ეგუება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის ჩაჯდომას და 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს. ზურაბ აბაშიძე ირწმუნება, რომ 20-ც ივნისზე და გავრილოვზე საერთოდ არ უსაუბრიათ 27 ნოემბრის ვიდეოკონფერენციაზე, თუმცა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში სულ სხვა რამე ეწერა.
დღეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ დამატებითი განმარტებების გაკეთება არ ისურვა. მისი თქმით გუშინ თავად რუსულმა მხარემ აღიარა, რომ ვიდეო კონფერენციის დროს არ უმსჯელიათ გავრილოვზე. კარასინმა ინტერვიუ სამთავრობო არხს მისცა.
უკვე მერამდენედ ოფიციალური თბილისი თავს იმართლებს და რუსეთის ინტერპრეტაციაზე საუბრობს. მეზობელი ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებიდან ასევე ვიგებთ, რომ საუბარი ბორდერიზაციასა და საქართველოს მოქალაქეების დაკავებებს ეხებოდა, ასევე საავიაციო მიმოსვლის აღდგენას და რომ საჭიროა, შეწყდეს რუსოფობიული გამოხტომები.
ოპოზიცია ჩანაწერის გასაჯაროებას ითხოვს, თუ ფართო საზოგადოებისთვის არა, დახურულ ფორმატში მაინც.