- ოპოზიციის გარდა ვინმე ამბობს მაგას? არჩევნების ერთი ობიექტური დამკვირვებელიც კი არ არსებობს, რომელიც ამბობს, დარღვევები იყო ისეთი მასშტაბის, რომ შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა შედეგებზეო. მე რაც მოვისმინე, უფრო პირიქით ამბობენ, მეტიც -აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ლამის პირდაპირ გვითხრეს, წინა არჩევნები ამაზე მეტი დარღვევით ტარდებოდაო... არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არცერთი ჩვენი პარტნიორი არ ლაპარაკობს ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. მაშ, რატომ უნდა ვენდოთ ოპოზიციის - დაინტერესებული მხარის სიტყვას? კარგი, მაშინ ხმამაღლა თქვან, თუ პლებისციტის შედეგად ქართველმა საზოგადოებამ უარი თქვა ვადამდელ არჩევნებზე, ამას დასთანხმდებიან, თუ ამასაც არალეგიტიმურად გამოაცხადებენ?
თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, დიდი შანსია, რომ მათ უარესი შედეგი მიიღონ, ვიდრე დღეს აქვთ. ეს განსაკუთრებით შეეხება პატარა პარტიებს. თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, იმ პარტიებს, რომლებსაც დღეს აქვთ პარლამენტში შესვლის შანსი, ამის იმედი ვეღარ ექნებათ, რადგან აუცილებლად ისევ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ბრძოლის ველად იქცევა ქვეყანა.
ჩემი აზრით, ეს პატარა პარტიები თუ ახლა არ შევლენ პარლამენტში, ცოტა ხანში საერთოდ დაიშლებიან. ამ ორომტრიალში ლოგიკას ვერ ვხედავ - გამოდის, არჩევნები იმიტომ უნდა დაინიშნოს, რომ ამას ოპოზიცია მიიჩნევს საჭიროდ? არადა, მათ გარდა ეს არავის სურს...
თუ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს დასთანხმდა, "ქართული ოცნება" მომხრეებს დაკარგავს და შეიძლება ამომრჩევლის 70-80%-მა აღარც მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.