– მე მგონია, რომ იგი თავის დინასტიას ქმნის, მარადიულ დინასტიას, სადაც მისი შვილები და შთამომავლები თავიანთ საფეოდალოს შექმნიან. აღმოსავლურ დიქტატურებს, ავტორიტარულ სისტემებს რომ ახასიათებთ, რაღაც მსგავსია, ერთი ოჯახის, მმართველის გარშემოა ჩამოკიდებული ყველაფერი და მხოლოდ ისაა “ბედნიერი”, ვინც მასთანაა კავშირში. ეს არის დინასტიის შექმნის მცდელობა და შეიძლება ითქვას, რომ კულტისაც კი. თუ არ გაჩერდა, ეს კონკრეტულ სახეებს შეიძენს. მისი სიმდიდრის შესახებ ლეგენდები დადის და ცხადია, ხელს აძლევს, რომ ყველა ღარიბი იყოს და მის ფულს შეჰყურებდნენ, აღმერთებდნენ.
თუნდაც ის ამბიცია, თავის დროზე რომ გადაწყვიტა, თავისი ბროლის ციხე-კოშკი მეფეთა ბაღებისა და სასახლეების თავზე დაედგა, ესეც დინასტიის ამბიციას ნიშნავდა. უბრალოდ, მაშინ ჩვენ ვერ მივხვდით. კი ვეჭვობდი, მაგრამ რადგან არ ჩანდა, მაშინ ამას ვერავინ გათვლიდა… თურმე, რა შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა.
თვითგადარჩენის საოცარი ინსტინქტი აქვს, ძალიან ფხიზელი გონების ადამიანია, ამ თვალსაზრისით. თუმცა, იდეებს, კონკრეტული მოქმედების გეგმებს, მთელ ამ ხლართებს, ვფიქრობ, რომ ის ახალგაზრდა გეგმავს, რომელსაც სახელად ჰქვია ირაკლი კობახიძე.
– ოპოზიციაში, ძირითადად, ძველი სახეები არიან, რომელთა საქმიანობაც ასევე კარგადაა საზოგადოებისათვის ცნობილი. მათ ქცევაში პროვოკაციულ ელემენტებს თუ ხედავთ? მაგალითად, მანდატებს ისეთი ადამიანები “ხევენ”, რომელთაც ის ვერც კი მიიღეს…
– ესეც პარადოქსია (იცინის). ბუნებრივია, მათ მიაჩნიათ, რომ მეტი ხმა მიიღეს, მეტი ეკუთვნოდათ, მაგრამ გაუყალბეს. აქედან გამომდინარე, თავი უსამართლობის მსხვერპლად მიაჩნიათ.
სად გამოძებნი ახალ სახეებს? პატარა ქვეყანაა და ახალი ძალის გამოძებნა რთულია. თუმცა, რაც უნდა იყოს, ოპოზიციას კლასი აქვს. დღევანდელ პარლამენტსა და უმრავლესობას რომ გადავხედოთ, რომელ პოლიტიკურ კლასებზეა საუბარი? ისევ მეცხრე მოწვევის პარლამენტის ხალხია სათავეში.
ერთი რამ ვიცი, ეს ასე იოლად არ დასრულდება. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდოდა. ქვეყანას უმცირესობა მართავს, წარმოუდგენელი რამაა!