საუბრობენ სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერზე და მათ შორის ტელეკომპანია “მთავარის” ხელმძღვანელზე, ნიკა გვარამიაზე. “პრაიმტაიმი” დაინტერესდა აპირებს თუ არა ის მედიიდან პარტიაში წასვლას და მიიღო თუ არა მან შეთავაზება.
როგორც ჩვენთან საუბარში ნიკა გვარამია აცხადებს, მას ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის შესახებ შეთავაზება არ მიუღია და ის მედიიდან წასვლას არსად აპირებს. ამბობს, რომ გაცილებით დიდ საქმეს აკეთებს იმ პლატფორმიდან, სადაც არის, ვიდრე ამას თუნდაც ისეთი დიდი პარტიის თავმჯდომარეობის პირობებში შეძლებს, როგორიც ნაციონალური მოძრაობაა.
“არსად წასვლას არ ვაპირებ. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ პარტიაზე უფრო დიდ საქმეს ვაკეთებ, ვიდრე თუნდაც, ისეთ დიდ პარტიაში წასვლაა, როგორიც ნაციონალური მოძრაობაა. მიმაჩნია, ნესბიმიერ პარტიაზე უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ.
გულწრფელად რომ გითხრათ, შეთავაზება ამის შესახებ არ მიმიღია, თუმცა გამორიცხულია “მთავარიდან” წავიდე. სოციალურ ქსელში ვხვდები ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების სურვილს, გავხდე ამ პარტიის თავმჯდომარე, შეუძლებელია, როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს ჩემთვის ესა თუ ის პარტია, გავლენიანიც და დიდიც, უარი ვთქვა იმ საქმიანობაზე, რომელსაც ახლა ვაკეთებ.” – ამბობს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ 15 დეკემბერს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ის პარტიიდან და პარტიაში დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებაზე წერს.
თუ ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე, ამ გადაწყვეტილებას პარტიის ყრილობაზე დელეგატები მიიღებენ. ყრილობა მომავალი წლის დასაწყისში, ნაახალწლევს არის დაგეგმილი.