ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "მთავარ არხზე", გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა, როცა არჩევნები გააყალბა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ამ პარლამენტში შევა, დანაშაულის თანამონაწილე გახდება და "ოცნება" შეძლებს, თავისი დანაშაული გააფერმკრთალოს. როგორც კი ოპოზიცია შევა პარლამენტში, მილიონ ორასი ათასი ამომრჩეველი, რომელიც ახლა გაბრაზებულია ხელისუფლებაზე, ოპოზიციაზე გაბრაზდება, ხოლო "ოცნება" მიაღწევს იმას, რომ მისი დანაშაული გაფერმკრთალდება. ჩემი ამომრჩევლის მოტივაცია, ბოლო დროს, დაბალ დონეზე იყო იმის გამო, რომ ვერცერთხელ მე მათი ხმები ვერ დავიცავი. მაგრამ ახლა, ჯერ კიდევ არჩევნებამდე იყო ოპოზიციის ერთობა და ჩვენ ვეუბნებოდით ჩვენს ამომრჩეველს, რომ მათ ხმებს დავიცავდით და ჩვენ, ფაქტობრივად, გადავალეწეთ საარჩევნო ყუთები თავზე "ქართულ ოცნებას". ახლა, მართლა ხელში ხომ არ ავიღებდით იმ ყუთებს და თავში ხომ არ ჩავარტყამდით, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით ნამდვილად გადავალეწეთ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა ჩემი ამომრჩევლის ხმები დამეცვა, - ამბობს "დღის სტუმარში" ნინო ბურჯანაძე. გადაცემის წამყვანის თათა ჩიკვილაძის შეკითხვაზე, რა იცვლება ამომრჩევლის ყოველდღიურობაში იმით, რომ ოპოზიცია მათ ხმებს იცავს, სტუმარი პასუხობს: "ყოველდღიურობაში ჯერ არაფერი იცვლება და ეს მესმის, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება, როცა შეიცვლება ეს ხელისუფლება", ხოლო წამყვანის შემხვედრ კითხვას: "და როდის მოხდება ეს?", ბურჯანაძე ასე პასუხობს: "მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს 2021 წელს მოხდება, როცა ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა".