გივი სიხარულიძეს ეპატაჟური, თამამი ადამიანის იმიჯი აქვს შექმნილი და მორგებული. ჩვენ გადავწყვიტეთ, ის სულ სხვა ამპლუაში გაგაცნოთ და დავინტერესდით, ვინ არის მისი სიმპათია ან ანტიპათია ქართულ პოლიტიკაში და რას ფიქრობს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე?..
- ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე მტკივნეული და საკამათო თემა გაყალბებული არჩევნებია. თქვენ რას ფიქრობთ ამ პრობლემაზე?
- არასწორი ვიქნები, დანამდვილებით რომ ვთქვა: ეს არჩევნები სამართლიანად ჩატარდა ან
გაყალბდა-მეთქი, რადგან ამ პროცესში ჩართული არ ვყოფილვარ. უფრო მეტიც, არჩევნებზე არც კი მივსულვარ და არ ვიცი, როგორ ჩატარდა.
- რატომ არ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა?
- შეგიძლიათ დაწეროთ, რომ მე ოპოზიციის ისევე არა მწამს, როგორც პოზიციისა. არც ერთ პარტიას არ ვემხრობი და არც ერთს პატივს არ
ვცემ, რადგან მათ ჩემი სამშობლო არ უყვართ. დღეს საქართველოში ყველა თავის კეთილდღეობასა და პირად ინტერესებზე ზრუნავს - ეს დიდი უბედურებაა ნებისმიერი ერისთვის. მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავუჭერდი ვინმეს მხარს: თუ პოლიტიკურ ასპარეზზე მერაბ კოსტავასნაირი ერისკაცი გამოჩნდებოდა. დღევანდელი პოლიტიკოსები ჩემთვის უნიჭო არტისტები არიან, რომლებიც საქართველოს ბედით ვაჭრობენ. ამიტომ, არავისთვის ხმა არ მიმიცია და არც მივცემ, რადგან მათ შორის ჩემი ერის მოყვარულ, ერთგულ ადამიანებს ვერ ვხედავ.
- ნუთუ, ერთი პოლიტიკოსიც არ იმსახურებს თქვენს სიმპათიას?
- თუ ქართულ პოლიტიკაში ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას ან - ამბროსი ხელაიას მსგავს კაცს დავინახავ, კი ბატონო, მაგრამ ესენი ბანდიტები არიან, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ამიტომ, არც ოპოზიცია მადარდებს და არც - პოზიცია. მართალია, თითო-ოროლა ცუდი და კარგი ყველგან არის, მაგრამ ამ ცრუპოლიტიკოსების უმრავლესობა ჩემთვის მიუღებელია. სიმართლე გითხრათ, არჩევნებში ჩემს თავსაც არ მივცემდი ხმას, რადგან მე კრისტალური ადამიანი არ ვარ და არ მინდა, ჩემი ხალხი მოვატყუო. მიუხედავად იმისა, რომ არავის ვემხრობი, მგონია, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ჭკვიანია და ვერ მოერევიან. მარტივი ლოგიკაა: რომ მოგერიო, შენზე უკეთესი, შენზე გონიერი და წესიერი უნდა ვიყო, მაგრამ თუ ნაძირალა ვარ, ხალხი როგორ გამომყვება ან რატომ დამიჯერებს? ჩემი აზრით, ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს - თავში. ერთი კარგი გამონათქვამია: ისეთმა ძროხამ უნდა დამწიხლოს, რომელიც ჩემზე მეტს იწველისო - აქაც იგივე სიტუაციაა. ჩემი აზრით, ეს ძალად ოპოზიცია სულ მალე პარლამენტში შეცუნცულდება და ამას ყველა დავინახავთ. ახლა კი გაიძახიან - არჩევნები გააყალბესო, მაგრამ ამ არჩევნების შედეგები მთელმა მსოფლიომ აღიარა: თქვეს, რომ ხარვეზებით, მაგრამ მაინც ჩატარდა. იმიტომ, რომ ვიღაცას მისი შედეგი არ მოეწონა, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს? კი ბატონო, ჩატარდეს ხელმეორე არჩევნები, მაგრამ ესენი რომ მოვიდნენ, მაშინ გვეშველება? ხალხმა ვინმეს რომ დაუჯეროს, წესიერი ხალხი უნდა იყოს ოპოზიციის სათავეში და არა თავის თავზე შეყვარებული ვირთხები. ვის დავუჯერო? - ალეკო ელისაშვილს თუ "გირჩს", რომლის წევრებიც ახალგაზრდებს პლანის მოწევისკენ მიუთითებენ?
- პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი სახეებიც გამოჩნდნენ, მათზე რას ფიქრობთ?
- მართალია, პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ ერთი რამ მშვენივრად ვიცი: დღეს ჩვენ პოლიტიკოსები არა გვყავს, ესენი მასხარები არიან. ვინ არიან პოლიტიკოსები? - ის ახალგაზრდები, რომლებიც ათას სკამზე თუ პარტიაზე გადამხტარი პოლიტიკოსების შვილები არიან? ეგენი არიან ერის მხსნელები და გადამრჩენლები? ევროპელები ვართო, იჩემებენ, ამ დროს გამოდის ნიკა გვარამია და ამერიკის და გერმანიის ელჩს აგინებს. ვის უნდა დავუჯერო, ერთი მითხარით. დღეს ჩვენ ოპოზიცია არა გვყავს - ამას ვამბობ მე, გივი ვარ სიხარულიძე და ისე ვმსჯელობ, როგორც ყველა ნორმალური კაცი უნდა მსჯელობდეს. მშვიდობიან რევოლუციაზე ლაპარაკობენ, მე მინდა ყველას შევახსენო საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია, რომლის მამამთავრები რობესპიერი და დალტონი იყვნენ. ამ ადამიანებმა უამრავ მომხრეს და თანამებრძოლს, რომელიც ამ რევოლუციაში მონაწილეობდა, შარი მოსდეს, ბოლოს გილიოტინაზე აიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. რობესპიერმა თავის უახლოეს თანამებრძოლს - დალტონსაც იგივე მიუსაჯა, რაც სხვებს და მასაც თავი მოჰკვეთეს. როცა დასასჯელად მიჰყავდათ, დაინახა, რომ რობესპიერი ფანჯრიდან ჩუმად უყურებდა და შესძახა: მალე შენც გილიოტინაზე დაამთავრებ სიცოცხლესო. მართლაც, ასე მოხდა: რამდენიმე თვის შემდეგ, როპესპიერიც მკაცრად დაისაჯა. სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: რევოლუცია ჰგავს მითურ ღმერთს, რომელიც თავის შვილებს ჭამსო. ეს ისტორია იმიტომ გავიხსენე, რომ ნებისმიერი არეულობის და რევოლუციის წინააღმდეგი ვარ - ამას ნებისმიერი ქვეყნისთვის მხოლოდ უბედურება მოაქვს.
- საქართველოში ძალზე მძიმე სოციალური ფონია: ე.წ. ლოკდაუნის გამო უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა, ათასობით ბავშვს ელემენტარული საარსებო პირობებიც კი არა აქვს. ამ პრობლემებს ხელისუფლებამ როგორ უნდა მიხედოს?
- მესმის, ჩვენი ეკონომიკა ცუდ დღეშია, მაგრამ ეს მარტო ჩვენთან ხომ არ ხდება? მთელი მსოფლიოს ეკონომიკა ამ მდგომარეობაშია. ისიც მესმის, რომ ყველაფერი ცუდი გაჭირვებული ადამიანების მხრებზე გადადის. საუბედუროდ, ეს ყოველთვის ასე იყო: მდიდარ კაცს გაჭირვებული ოჯახის პრობლემები სულ არ ადარდებს, რადგან ის სხვა სამყაროში ცხოვრობს. ჩემი საქართველო ძალიან ცუდ დღეშია, სწორედ ამიტომ სჭირდება მას წინამძღოლი - ისეთი კაცი, რომელსაც მთელი ერი გაჰყვება და დაუჯერებს, მაგრამ ასეთი კაცი ჯერ ჰორიზონტზეც არ ჩანს. ამიტომ ვამბობ, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა განწირულ მდგომარეობაშია, ამიტომ არ ვცემ ჩვენს პოლიტიკოსებს პატივს. ყველა უბედურება ისედაც გაჭირვებული, დაბეჩავებული ხალხის მხრებზე გადადის და იმ ახალგაზრდების მხრებზე, ვინც ამ ვაი-პოლიტიკოსების მითითებებს ასრულებს. რატომ ხდება, რომ ყოველთვის უბრალო ხალხს იჭერენ, სცემენ და ციხეში სვამენ, მათი ლიდერები კი შინ მშვიდობიანად ბრუნდებიან? აი, მათ მიერ გაბრიყვებულ ხალხს სცემენ კიდეც და 20 ივნისს ბავშვებს თვალებიც დასთხარეს - ეს არის ჩემი მთავარი საფიქრალი და გულისტკივილი.
- იქნებ ამ ხალხს იმედი აქვს, რომ უკეთესი საქართველოსთვის იბრძვის, იქნებ ამიტომ მიდიან რისკზე ჩვენი ახალგაზრდებიც?
- ფაქტია, რომ ჯერ შევარდნაძეს უჩოქებდნენ და გაუმარჯოსო - გაჰყვიროდნენ, მერე - სააკაშვილზე გადავიდნენ, ხან ერთი კაცის იმედი აქვთ და ხან - მეორის. ეს ლიდერები კი მერე ყველას თავის ჭკუაზე ატრიალებენ. დღევანდელი პოლიტიკოსები ფულისა და ქონებისთვის იკლავენ თავს, თორემ საქართველო სულ არ ადარდებთ.
- ჩვენი ხალხის ბრალი არ არის, რომ იძულებულია, ორ ცუდ ვარიანტს შორის რომელიმე ამოირჩიოს...
- გეთანხმებით, ჩვენი უბედურება ისაა, რომ ორ ბოროტებას შორის ერთ-ერთს ვირჩევთ და ვერ ვახერხებთ, ქვეყნის სათავეში საღად მოაზროვნე, ერის მოყვარული ხალხი მოვიყვანოთ. ყველასგან მოტყუებული და გაცურებული ერი ვართ - ეს სამწუხარო რეალობაა, რომლის გამოც მეც სხვებივით მტკივა გული! გული მტკივა დღევანდელი სიტუაციის გამო, რომელიც ილიას სიტყვებით შეიძლება დავახასიათოთ: ჩვენ შორის ხიდია ჩატეხილი, რომელიც ვერ გამრთელდებაო. ქართველი ხალხი ისევ ორად არის გაყოფილი და ვერ ხვდება, რომ ოპოზიციის მხარესაც მდიდრები არიან. მდიდრები მდიდრებს ებრძვიან სკამებისთვის, პრივილეგიებისთვის და ამ ბრძოლაში დაბეჩავებულ, საწყალ ხალხს იყენებენ.
- თუმცა, ქართველების მიმართ ხშირად ისმის საყვედური, რომ ეს ზარმაცი, უვარგისი და ურჩი ერია...
- სინამდვილეში პირიქითაა: ქართველ კაცს ერთი თბილი სიტყვა უთხარი და ყველაფერს გააკეთებინებ. ამიტომაც ვამბობ - ჩვენ მოტყუებული ერი ვართ! მე ისიც მიკვირს, ქართველ ახალგაზრდებს რომ საყვედურობენ, საზღვარგარეთ გარბიან და ცხოვრებას იქ იწყობენ, გოგონები კი ცოლად უცხოელებს მიჰყვებიანო. როცა ადამიანს შია, ნებისმიერი გზით უნდა გადაირჩინოს თავი - მე ასე მგონია.
- რადგან სიტყვა ახალგაზრდებზე ჩამოვარდა, თქვენ როგორ აფასებთ თანამედროვე ქართველ ახალგაზრდებს?
- მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი არ მიყვარს და პირდაპირ გეტყვით: მე მდიდარ ოჯახებში გაზრდილი ბავშვებისა არაფერი მწამს. თითზე ჩამოსათვლელია შეძლებული ოჯახი, სადაც ბავშვები ქართული სულისკვეთებით გაზარდეს. დანარჩენებმა შვილები საფრანგეთში, მაიამსა და მონტე-კარლოში გაუშვეს, იქ ვითომ, უნივერსიტეტებში სწავლობენ და სინამდვილეში, ჩვენი ხალხისთვის მოპარული ფულებით ნებივრობენ. ასეთი ხალხი ჩვენს ქვეყანას არ გამოადგება. სადღაც, მიყრუებულ სოფელში დაბადებული, ნამდვილი ქართული გენეტიკის მქონე ბავშვი რომ იზრდება, საქართველოს ის უფრო მოუვლის და უერთგულებს. მოვა დრო და ეს ბავშვები სულ კუდით ქვას ასროლინებენ ყველას, ვინც უსამართლოდ იქცევა, ვინც ამ ქვეყნის ინტერესებს სათავისოდ იყენებს. ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველოში ახალი მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ახალი ილია ჭავჭავაძე არ დაიბადება. რთულ მდგომარეობაში ვართ, ამის გამო ხშირად უიმედობა მიპყრობს, მაგრამ ქართველი ერი მაინც არ გადაშენდება. ძალიან მინდა საქართველომ, ჩემმა ხალხმა ოდესმე მაინც გაიხაროს.
წყარო