განსხვავებით მშვილდაძისგან, მებონიამ ჩემს გარდა, გამოკითხა ჩემი პარტნიორები და ფირმის ბუღალტერიც. მან სატელეფონო საუბარში მითხრა, რომ აღმოაჩინა უზუსტობები ჩემი პარტნიორების და ბუღალტრის ჩვენებებსა და მათ მიერ მიწოდებულ დოკუმენტებს შორის. მე მაშინვე შევთავაზე რომ სიმართლის ადვილად დასადგენად მივაწვდიდი ჩემს ხელთ არსებულ ე.წ. „შავი ბუღალტერიის რვეულებს“. რაზეც უარი მივიღე. ცოტა ხანში ისევ მომივიდა წერილობითი პასუხი, რომ ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე და ჩემ პრეტენზიაზე, რომ არ იქნა გამოყენებული შავი ბუღალტერიის დოკუმენტაცია, ალექსანდრე მებონიამ განმიცხადა, რომ მას არ ჰქონდა დრო ამდენი საბუთების შემოწმების. რაც შეეხება ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, ეს საქმე გამომძიებელმა მებონიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა. გახარიას უწყებამ ოთხი თვე აწარმოა გამოძიება. ჯერ დამკითხეს საბურთალოს პოლიციაში, შემდეგ საქმე გადაეცა დიდუბის პოლიციას, იქ არც კი დავუკითხივართ, ისე გადასცეს საქმე დუშთის პოლიციას, საიდანაც საქმე გადაეცა უკან თბილისს და თბილისში შსს-ს შენობაში დამკითხა გამომძიებელმა მექვაბიშვლმა, მაგრამ მანაც საქმე გადასცა მცხეთის პოლიციას. იქაც დაკითხული ვიყავი გამომძიებლის მიერ, რომელმაც განმიცხადა, რომ ხანდაზმულობის გამო და შესამოწმებელი მობილური ზარების სიმრავლის გამო, საქმე უპერსპექტივო იყო. საბოლოოდ, იძულებული გავხდი, სამოქალაქო დავა დამეწყო. წელიწადნახევრის წინ, სამოქალაქო სასამართლოში შევიტანე სარჩელი. ამასობაში ჩემი წილის ფასი შევაფასებინე აუდიტს, რომელმაც მითხრა, რომ თქვენი წილი სულ ცოტა 500 000 ღირსო. მოსამართლემ პირველივე სხდომაზე მოგვცა წინადადება, რომ ერთმანეთში მოვრიგებულიყავით, რადგან საქმის დოკუმენტებიდან გამომდინარე თუ პროცესი გაგრძელდა, შეიძლება ფირმამ საერთოდ შეწყვიტოს არსებობაო. მე დავთანხმდი მოსამართლის წინადადებას და ადვოკატმა შესთავაზა მათ, 500 ათასი ლარი გადაიხადეთ ჩემ წილში, გადმოგიფორმებთ და ჩვენ დავას შევწყვეტთო. იმათ კი გვითხრეს 500 ათასი ძალიან დიდი თანხაა და არ გადავიხდითო. ამის საპასუხოდ მე შევთავაზე, რომ მილიონ ნახევარ ლარს მე გადავუხდიდი სამივე ჩემ პარტნიორს მათ მფლობელობაში არსებული წილის სანაცვლოდ, რაზეც იძულებული გახდნენ დამთანხმებულიყვნენ, რადგან მოსამართლესთან ორივე ჩემ შეთავაზებულ წინადადებაზე უარს ვერ გააჟღერებდნენ.მე ნაპოვნი მყავდა ინვესტორი, რომელიც ამ საქმეში თანხის ჩადებას აპირებდა. შევხვდი და ვესაუბრე მას და რომ გაიგო, რომ სარეალიზაციო პროდუქცია რუსეთიდან შემომქონდა (დავაზუსტებ, ის რუსეთში მოღვაწე ქართული წარმომავლობის ბიზნესმენია, გვარად კიკნაძე), გადაწყვიტა, რომ თავად მისულიყო იმ ქარხანაში და მოლაპარაკება ეწარმოებინა. მე მას ჩემი წარმომადგენელი გავაყოლე, მაგრამ ვიდრე ისინი მოსკოვში ჩავიდნენ, ჩემმა პარტნიორებმა ქარხანაში წერილი გააგზავნეს, რომ მანდ მოსული ხალხი ჩვენი წარმომადგენლები არ არიანო და ასე ჩაშალეს მოლაპარაკება, რის შემდეგაც ჩემი და ინვესტორის პრეტენზიაზე, თუ რატომ ჩაშალეს მოლაპარაკება, მივიღეთ პასუხი, რომ წილს აღარ ვყიდითო. მათი ლოგიკა ასეთია, რატომ უნდა გაყიდონ თავისი წილი ან ჩემგან იყიდონ, როდესაც შეუძლიათ მე არანაირი თანხები არ მიხადონ თაღლითურად საბუთების გაყალბებით, რადგან მათი ნათესავის, გიორგი ლაცაბიძის ლობირებით, პროკურატურაში არანაირი საშიშროება არ ემუქრებათ.
მიმდინარე წლის 4 მარტს, მესამედ შევიტანე საჩივარი ფინანსურში, ამჯერად აუდიტის დასკვენებს თან დავურთე ხსენებული "შავი ბუღალტერიის“ რვეული. საჩივარი ისევ ალექსანდრე მებონიასთან მოხვდა. მე მეგონა რომ იგი გამოკითხვაზე მაინც დამიბარებდა, მაგრამ 10 დღის გასვლის შემდეგ, როდესაც არავინ დამიკავშირდა, დავურეკე მებონიას. საუბრისას ავუხსენი მას, რომ ამ რვეულში არის მტკიცებულებები სამი სხვადასხვა დანაშაულის - 450 000 ლარის ოდენებით ჩემი კუთვნილი თანხის მითვისების, ნახევარი მილიონი ლარის სახელმწიფოზე არგადახდილი გადასახადებისა და უმაღლეს ეშელონებში არსებული კორუფცის და ასევე მათი მხრიდან ბიზნესის რეკეტის შესახებ. მოხდა გაუგონარი ამბავი სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ისე, რომ არავის გამოვუკითხივარ თუ რას ვგულისხმობდი და სად რა ეწერა, ამ ე.წ. „შავი ბუღალტერიის რვეულში" ფინანსურმა და პროკურატურამ ერთად დაიბარეს ჩემი პარტნიორები და აჩვენეს ეს რვეული- მტკიცებულება, რაზეც მიიღეს პასუხი, რომ ამ რვეულის შესახ მათ არაფერი იციან და არც საშიშროებას ხედავენ. თუმცა, როგორც ავღნიშნე, რვეულში თავად მათი ხელმოწერებია შესაბამისი თანხების გასწვრივ და ასევე დირექტორის ხელით მითითებულია თანხების დანიშნულება. ორი დღის შემდგომ მე უკვე დავარეკინე ჩემ ადვოკატს გამომძიებელ მებონიასთან, რომელმაც განაცხადა, რომ საქმეში ისევ ვერ აღმოჩნდა სისხლის დამაშაულის ნიშნები და ამის ოფიციალურ პასუხს გამომიგზავნიდა ფოსტით, თუმცა მე ასეთი პასუხი დღემდე არ მიმიღია.
ყველაფერი რაც ეხება გამომძიებლების მიერ ჩემს მიმართ ჩადენილ დანაშალს - თანამდებობრივ გულგრილობას და ა.შ. მე ამის მტკიცებულებები მაქვს აუდიო ჩანაწერების სახით.
საბოლოოდ, ამდენი უსამართლობის შემდგომ მიმტყუნა ნერვებმა, ეს ისტორია ჩავწერე ვიდეოზე და გამოვაქვეყნე ჩემს ფეისბუქ და იუთუბ გვერდებზე. ორ- სამ დღეში ჩემ ადვოკატს დაუკავშირდა ჩემი პარტნიორების ადვოკატი და შესთავაზა ასი ათასი ლარი, მაშინ როცა ადრე გამომძიებელ მებონიასთვის ნათქვამი ჰქონდათ, რომ არც ერთ თეთრს არ გადანიხდიდნენ. როგორც ჩანს, ჩემმა გმოქვეყნებულმა ვიდეო მასალამ მათთვის საშიშროება წარმოშვა სისხლის სამართლის კუთხით გამოძიების დაწყებისა. ადვოკატმა ჩემთან შეთანხმებით ასი ათას ლარზე უარი განაცხადა, რადგან ეს თანხა ხუთჯერ-ექვსჯერ ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც დღესდღეობით მეკუთვნის. ამ უარის შემდეგ ორ-სამ დღეში ჩემ აგარაკზე ისევ მოხდა ინცინდენტი. ოღონდ ამჯერად განხორციელდა თავდასხმა ცეცხლსასროლი იარაღით. მე და ჩემ მეუღლეს გვესროლეს ფანჯრებში სამი ტყვია, საბედნიეროდ გადავრჩით, დავრეკეთ 112-ში და ამჟამად საქმეს შსს იძიებს", - აცხადებს გივი ჩეჩელაშვილი.
რაც შეეხება საქმის სასამართლო ძიებას - შემდეგი პროცესი მაისის ბოლოს არის ჩანიშნული. გადაწვდება თუ არა ადეიშვილის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის გავლენები სასამართლოსაც, რომელსაც ასევე სკანდალური მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი აკონტროლებს, უახლოეს მომავალში გაირკვევა.