მომღერლ ირმა სოხაძეს ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალა. მან ოთხი წლის წინ მამაც დაკარგა. ირმა მშობლებს იხსენებს და მათი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილზე ჟურნალ „თბილისელებთან საუბრობს. ამასთან ირმა სოხაძე მადლიერებას გამოხატავს, რომ მის ასაკში მშობლები ჰყავდა.
„განგების მადლიერი ვარ გამო, რომ მშობლები მყავდა ჩემს ასაკში. მამა ოთხი წლის წინ დამეღუპა, დედა – ახლა. დედა ნებისმიერ ასაკში ძნელი დასაკარგია, მაგრამ ბავშვობაში ჩემს მეგობარს არ ჰყავდა დედა და რომ წარმოვიდგენდი, შეიძლება, მეც დამმართნოდა მსგავსი რამ, თავზარი მეცემოდა, სიცოცხლე აღარ მინდოდა. ადამიანის მთავარი საყრდენი პატარა ასაკში დედაა და ჩემს ასაკში უკვე, პირიქით, დედის იმედი მე ვიყავი და რაც შემეძლო, თან ვყვებოდი. ასაკთან ერთად როლები იცვლება. დედას ამაგს ვერასდროს გადავუხდიო, ამბობენ, მაგრამ რაც სჭირდება, ყველაფერს რომ გაუკეთებ, იმიტომ კი არა, რომ ამაგი გადაუხადო, იმიტომ, რომ ეს შენი ელემენტარული ვალია, ამის შემდეგ უფრო ჰარმონიულად ცხოვრობ საკუთარ სინდისთან. მამის გარდაცვალების შემდეგ დედა ამბობდა, აღარ მინდა აქ. თქვენთან კი კარგია, მაგრამ როდის წავალო… არაფერი აწუხებდა, მაგრამ ასაკი თავისას შვება, 89 წლის იყო. ორი წლის წინ დაემართა ინფარქტი, მაშინ გამოვძვერით. ახლა იშემიურ ინსულტს ვეღარ მოვერიეთ. ნელ-ნელა ჩააქრო და ჩემი დედიკო წაიყვანა. არ შეიძლება, ამ დროს ზედმეტ სასოწარკვეთაში გადავარდნა. ცხოვრება გრძელდება და ღვთის მადლით, მომავალი თაობა მოდის. როცა ბუნების კანონები არ ირღვევა, ყველაფერი კარგადაა“, – ამბობს ირმა სოხაძე.